საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.85 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცხოელების დეპოზიტები ქართულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარით, ბოლო 2 წელში კი 3.7 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, რაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეთა დანაზოგების მატებით არის განპირობებული.
სებ-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 38%, ანუ 3 მილიარდი ლარი მოდის, მეორე ადგილზეა ისრაელის რეზიდენტები 628 მილიონი ლარის დეპოზიტებით, უკრაინის მოქალაქეები 550 მილიონი ლარით, კვიპროსის მოქალაქეები 400 მილიონი ლარით, ბრიტანეთის 390 მილიონი ლარით, ბელარუსის 310 მილიონი ლარით, აზერბაიჯანის 300 მილიონი ლარით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების 230 მილიონით, გერმანიის 160 მილიონით და ჩინეთის 80 მილიონი ლარით.
ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 27.6 მილიარდ ლარს ინახავენ, შესაბამისად, მათ შორის არარეზიდენტთა დეპოზიტები 28.4%-ს შეადგენს
არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 83%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 57%-ია.
2023 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას. თუმცა, 2024 წელს ეს მოთხოვნა ეროვნულმა ბანკმა ისევ 40%-მდე შეამცირა, რის მიზეზადაც სებ-მა მიუთითა, რომ აღნიშნულ დეპოზიტებს იმაზე მაღალი სტაბილურობა გააჩნიათ, ვიდრე ეს წარსულში იყო ნავარაუდევი.