სასტუმროების და ოთახების ჯავშნის გლობალურმა კომპანიამ Booking.com-მა საქართველოში მისი შვილობილის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. “ბუქინგ ქომ ჯორჯიას” ფუნქცია მშობელი კომპანიისთვის მხარდაჭერის სერვისების მიწოდებაა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ბუქინგ ქომ ჯორჯიამ” 2022 წელს 3.67 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტი იყო. გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და მან გასულ წელს 2.14 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსურ ანგარიშში არაა დაზუსტებული “ბუქინგ ქომ ჯორჯიას” შემოსავალი კომპანიისთვის საქართველოს ბაზრის მთლიან შემოსავალს წარმოადგენს თუ მის გარდა მას სხვა შემოსავლებიც გააჩნია.
“შპს ბუქინგ.ქომ ჯორჯია დაფუძნდა 2015 წლის 9 იანვარს და მისი ადგილმდებარეობა საქართველოშია. კომპანია დაფუძნებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მფლობელი იყო Booking.com B.V
ძირითადი საქმიანობა: კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მხარდაჭერის სერვისების მიწოდება Booking.com International B.V.-სთვის (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბუქინგ.ქომ-ის პოპულარიზაციით საქართველოში არსებულ საცხოვრებელ ფართებზე) 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით. მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, გაწეული მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგნაირად:
• მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული დანახარჯები 5%-იანი ფასნამატით;
• Booking.com-ის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან შემოსული საკომისიო თანხების 2%,”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.