2025 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 929 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორების შემოსავლები 63 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური სიმ ბარათების) რაოდენობა 5,907,145-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 276,903 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2025 წლის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 437,053,239 ლარი, 2,445,653 აბონენტი, ბაზრის 41.4%, შემოსავლის ზრდა 6.6%;
- სილქნეტი - 324,955,788 ლარი, 2,118,229 აბონენტი, ბაზრის 35.9%, შემოსავლების ზრდა 6.7%;
- სელფი მობაილი - 164,545,886 ლარი, 1,343,263 აბონენტი, ბაზრის 22.7%, შემოსავლების ზრდა 10.5%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2025 წლის დეკემბერში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.51 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 51 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.33 ლარია, რაც 3 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 10.93 ლარია, რაც წლიურად 1.09 ლარით არის მომატებული. შესაბამისად, 2025 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,495,899 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 76%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 70.2% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 18.66 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 3.2 გიგაბაიტით არის გაზრდილი.



























