მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონის ანაბრებია სანქცირებულ "VTB ბანკ საქათველოში"

62188b262e899
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 12:15
8116
რუსული სახელმწიფო ბანკი VTB შვილობილ ბანკებს არაერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ფლობს. გუშინ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ბანკის ყველა შვილობილზე, მათ შორის “VTB საქართველოზეც” გავრცელდა. საუბარია აშშ-ის ფინანსური სისტემის გავლით ნებისმიერი ოპერაციის შესრულების დაბლოკვაზე, ასევე უშუალოდ აშშ-ის ფინანსურ სისტემაში განთავსებული აქტივების გაყინვაზე.

2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, VTB ბანკი საქართველო აქტივების ზომით საბანკო სექტორის მეოთხე უმსხვილესი მოთამაშეა (2.15 მილიარდი ლარი).

2021 წლის მდგომარეობით, ბანკის საკრედიტო პორტფელი 1.55 მილიარდი ლარისგან შედგება, რითიც ის ბანკებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება დეპოზიტებს, 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ბანკის დეპოზიტები 1.56 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 894 მილიონი ლარი ვადიანი დეპოზიტები იყო, 227 მილიონი ლარი მოთხოვნამდე დეპოზიტები, 406 მილიონი ლარი მიმდინარე დეპოზიტები/მიმდინარე ანგარიშები, 37 მილიონი კი სხვა ბანკების დეპოზიტები.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, VTB ბანკმა 2021 წელს 37.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რითიც საბანკო სისტემაში მეექვსე პოზიცია დაიკავა.

2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკი საქართველოში 1,050 ადამიანს ასაქმებდა.

დღეს ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ბანკს კლიენტების ვალდებულებების მომსახურებისთვის საკმარისი კაპიტალი აქვს. ლიკვიდურ სახსრებთან დაკავშირებით კი VTB საქართველო აღნიშნავს, რომ მათ სებ-თან ერთად აქვთ შემუშავებული გეგმა ბანკის ლიკვიდობის უზრუნველყოფისთვის.

“ბანკს გააჩნია 410 მლნ ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, 1 თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას", საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის, უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით,”- წერს VTB ბანკი საქართველო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები