ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება - პროექტს მთავრობის დაკვეთით კომპანია China Railway Tunnel Group (CRTG) აშენებს.
ამ დროისთვის 9 კმ-იანი გვირაბის 8კმ უკვე გაბურღულია. პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 6170 მეტრია გაბურღული. პროექტს კომპანია სპეციალურად ამ გზისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით აშენებს, რომელსაც ბურღვის პარალელურად ნაშალი ქანები გარეთ გამოაქვს და გვირაბის ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს. გვირაბი 2024 წელს უნდა გაიხსნას.
კომპანია CRTG-იმ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 266 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება 40.4 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უმსხვილესი ხარჯები ასე ნაწილდება:
ცვეთა და ამორტიზაცია - 86 მლნ ლარი;
ნედლეული და მასალები - 84 მლნ ლარი;
ქვეკონტრაქტორის ხარჯები - 22.6 მლნ ლარი;
ხელფასი და მასთან დაკავშირებული ხარჯები - 21.7 მლნ ლარი;
ტრანსპორტირების ხარჯები - 12 მლნ ლარი;
მოვლა-შენახვის ხარჯი - 10.6 მლნ ლარი.
მთლიანობაში ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს დამატებითი ზოლი ექნება.
როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, შენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. პროექტის გვირაბის ნაწილის ღირებულებაა 900 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის საფასურია 1.2 მილიარდი ლარი. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.