მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ტელეიმედს", რომელიც ირაკლი რუხაძემ გაყიდა

ტელეიმედი

ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის გაიყიდა - ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგის ახლა უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა.

"იმედი" საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი ტელემაუწყებელია. 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით, ტელევიზიამ სარეკლამო შემოსავლის სახით 26 მილიონი ლარი მიიღო. ჯერჯერობით ტელეკომპანიის 2025 წლის სრული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა. რაც შეეხება 2024 წელს ტელეიმედის ფინანსური ანგარიშის თანახმად, არხმა 39 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღო. ამასთან, არხის მიერ მიღებული შემოსავალი მისი ხარჯების დასაფარად არასაკმარისი იყო და ტელევიზიამ 67 მილიონი ლარით იზარალა, ამასთან ტელევიზიის ახალმა მფლობელმა არხის 459 მილიონი ლარის ვალიც უნდა გაისტუმროს.

კომპანია „ტელეიმედის“ მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილების გასხვისების შესახებ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 6 თებერვალს აისახა. თავის მხრივ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული "მედია ფაინენს გრუპი" იყო, რომლის აქციონერებიც ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე და მისი პარტნიორები - იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი არიან. ისინი ასევე ფლობენ "ლიბერთი ბანკს" და "ჰანიველ ცემენტის" საკონტროლო პაკეტს.

არხის ახალი მესაკუთრე

"მყიდველი, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იძენს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან წილს. ნასყიდობის ფასი, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია სიმბოლურ ოდენობად - 1 000 (ათასი) ლარი", - წერია GCCA-ის კონცენტრაციის შესახებ გაცემულ გადაწყვეტილებაში.

სააგენტოში „პრაიმ მედია გლობალსა“ და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის კონცენტრაციაზე განაცხადი 2026 წლის 28 იანვარს შევიდა.

„პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილია, რომელიც 100%-იან წილებს კომპანიებში შპს „აი ტი თრეიდსა“ (ს/ნ 404989660) და შპს „პირველში“ (ს/ნ 202353185) ფლობს. 6 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" კომპანიის დირექტორის თანამდებობას მარიამ ლომიძე ინარჩუნებს.

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ კი წილებს შემდეგ კომპანიებში ფლობს:

  • შპს „უნიმედია“ (ს/ნ 205284609) – 50%-იანი წილი;
  • შპს „ტელეიმედი“ (ს/ნ 202188612) – 100%-იანი წილი;
  • შპს „რადიო იმედი“ (ს/ნ 204982206) – 100%-იანი წილი;
  • შპს „IMEDI FILMS“ (ს/ნ 401967840) – 100%-იანი წილი;
  • შპს „ტელეკომპანია აისი“ (ს/ნ 205188615) – 100%- იანი წილი;
  • შპს „ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა“ (ს/ნ 401983797) – 100%-იანი წილი;
  • შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ (ს/ნ 404947475) – 100%-იანი წილი;
  • შპს „თაჩ მედია“ (ს/ნ 205263025) – 100%-იანი წილი.

როგორც ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა ადვილი არ იყო.

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება...

არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში“, - წერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები