მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პროექტი დაფინანსდა განახლებული საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით? - სია

5f77410f48183
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.20 19:03
1420
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის 1  აპრილიდან ახალ პროგრამას „საკრედიტო საგარანტიო სქემას" ახორციელებს. პროგრამის მიზანი ერთი წლის წინაც იგივე იყო, რაც დღესაა - მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელშეწყობა, რომელთაც სესხის ასაღებად საკმარისი უზრუნველყოფა არ აქვთ, თუმცა პანდემიამ, როგორც სხვა არაერთი მიმართულებით, ამ პროგრამაშიც შეიტანაც ცვლილება - კერძოდ, სახელმწიფომ საგარანტიო პირობები შეცვალა.

უფრო კონკრეტულად კი, თუ 2020 წლის 12 ივნისამდე მცირე და საშუალო ბიზნესებს სახელმწიფო ბანკთან სესხის 70%-ის გარანტორად უდგებოდა, თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე, საქართველო მთავრობის 4 ივნისის დადგენილებით, საკრედიტო გარანტია კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის ოდენობით გაიცემა, თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე.

BM.GE დაინტერესდა შეცვალა თუ არა მექანიზმში შესულმა ცვლილებებმა მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, კრიზისის პერიოდში სესხებზე მოთხოვნა და რამდენი პროექტი დაფინანსდა განახლებული მექანიზმის ამოქმედებიდან დღემდე - აღნიშნული ინფორმაცია „აწარმოე საქართველოდან“ გამოვითხოვეთ.

მათი მონაცემებით, 2 ოქტომბრისთვის, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით 72 პროექტს 53 184 496 ლარის სესხი დაუმტკიცდა, ხოლო სახელმწიფოს საგარანტიო თანხამ 43 216 496 ლარი შეადგინა. 2020 წლის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  330 მლნ ლარია.

სააგენტომ BM.GE-ის იმ ბიზნესების სიაც მიაწოდა, რომელსაც სახელმწიფო გარანტორად დაუდგა. ყველა ბენეფიციარის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

"პროგრამის ბიუჯეტი 330 მლნ ლარია და რეალურად მიზანი, რაც შეიძლება მეტი ბიზნესის დაკრედიტებაა“, - უთხრა BM.GE-ის სააგენტოს „აწარმოე საქართველში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი შეფასებით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით, დღეს უფრო მეტი ბიზეს-სუბიექტი სარგებლობს, ვიდრე ეს პანდემიამდე პერიოდში იყო, თუმცა მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ ცვლილებების შეტანამდე ეს პროგრამა არ იყო ისეთი მიმზიდველი, როგორიც ახლაა.

„მიზეზი თუ რატომ არ ჩავუშვით ეს პროგრამა მანამდე ასე მასშტაბურად, პირველ რიგში, ბიუჯეტი იყო, შედარებით დაბალი ბიუჯეტი ჰქონდა პროგრამას. ამასთან, ძალიან ბევრი სპეციფიკაცია დავხვეწეთ და ასე ვთქვათ, ბევრ დათმობაზე წავედით ბანკებთან, რადგან ჩვენც და ბანკებსაც ძალიან გვინოდოდა, კრიზისის პერიოდში მექანიზმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედებულიყო.

მე ვიტყოდი, რომ კრიზისის შემდეგ უფრო მეტი მოთხოვნაც გაჩნდა ბანკებისთვის; რომ შევადაროთ კრიზისამდელ პერიოდს რატომ არ იყო ასეთი მოთხოვნა მაშინ, ალბათ დღეს კრიზისის პერიოდში, ბევრად უფრო მეტი საჭიროებაა ამის, შესაბამისად, პროგრამის ახალმა პირობებმა და ახალმა ბიუჯეტმა მისი წარმატებული სტარტი განაპირობა. სტატისტიკის შედარებას ამ შემთხვევაში აზრიც არ აქვს, რადგან ძველ პროგრამაზე აქტივობა მინიმალური იყო“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროგრამა დაეხმარა როგორ - კერძო, ასევე, საფინანსო სექტორს რომ განვითარებულიყო; ბიზნეს-სუბიექტებს აეღოთ მათთვის საჭირო ფინანსური სახსრები, ხოლო ბანკებს მიეღოთ ის გარანტიები, სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესებს არ ჰქონდათ.

კითხვაზე - გაიხარჯება თუ არა 2020 წლის ბოლომდე პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი - 330 მლნ ლარი, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ბიუჯეტის სრულად ათვისების მოლოდინი არ აქვთ.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც აუცილებელია პროგრამის ფუნქციონირებისთვის, რადგან ინდივიდუალური სესხებისთვის გვაქვს 90% გარანტია, თუმცა ზოგადად ბანკებისთვის 35%-ით ვაგარანტირებთ. შესაბამისად, ეს ბიუჯეტი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეს პროგრამა წარმატებულად გაშვებულიყო, რაც ასეც მოხდა, თუმცა დრო კიდევ დაგვრჩა და მგონია, რომ კრიზისიდან და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან კარგი ტემპით მივდივართ“, - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები