მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ვიდეოსამეთვალყურეო კამერაა სისტემაში ჩართული? - შს მინისტრი

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასულ წელს გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად უწყების მიერ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარება აქტიურად ხდებოდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი. საერთო ჯამში სისტემაში 7 419 ვიდეოკამერაა ჩართული. რაც შეეხება სიჩქარის კონტროლის სექციებს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 168 სექცია ამოქმედდა, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციაა მოწყობილი, რაც ჯამურად 2 024 კილომეტრს ფარავს.

„მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე და ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე.

გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტალის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა. 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. - 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. საგზაო უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ფართოვდება საპატრულო პოლიციის არეალი და 2024 წელს, აღნიშნული პროცესის გაგრძელება იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები