Galt & Taggart-მა ქართული IT-ინდუსტრიის 2023 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გასული წელი ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ისტორიაში საუკეთესო იყო. საქმე ისაა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი ჩვენი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ ტენდენციას სწორედ IT-ინდუსტრია და ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების სერვისების ექსპორტი განაპირობებს.
გასულ წელს, საქართველოში რეგისტირებულმა IT-კომპანიებმა $892 მილიონის სერვისები გაიტანეს ექსპორტზე. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 26% ამერიკულ კომპანიებზე მოდის, მაგრამ წამყვან სამეულში ასევე ვხვდებით გაერთიანებულ სამეფოს და მალტას.
რატომ იზრდება ქართული IT-ინდუსტრია?
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ისევე, როგორც ინდუსტრიაში გავრცელებული და, შეიძლება ითქვას, შეჯერებული მოსაზრებით, ქვეყნის ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება რამდენიმე შიდა და საგარეო ფაქტორს უნდა მივაწეროთ. პირველი ის შეღავათებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ დააწესა, მათ შორის გადასახადების კუთხით. ამ გადაწყვეტილებებმა საქართველო გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე გააჩინა, როგორც საინვესტიციოდ და ბიზნესის კეთებისთვის საინტერესო ქვეყანა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელსაც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან მაღალკვალიფიციური IT-სპეციალისტების საქართველოში მიგრაცია მოჰყვა, პროცესები ექსპონენტურად დააჩქარა.
ქართული IT-ინდუსტრიის ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს შორის ასევე ვხვდებით, ინტერნეტის შედარებით დაბალ ფასს, სამუშაო მაგიდის კონკურენტულ ფასებს და ცხოვრების შედარებით დაბალ ხარჯებს, რაც ქართულ ჰავასთან და კულტურასთან ერთად, საქართველოს უცხოელი IT-ტალანტებისთვის საინტერესო დანიშნულებად აქცევს. მიმზიდველობას ასევე აძლიერებს უცხოელი სპეციალისტებისთვის მისაღები გარემო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.
საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდის უდიდესი ნაწილი, მართალია, ბოლო ორ წელიწადზე მოდის, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთ მივხვდეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ეს სფერო საქართველოში წლების განმავლობაში, 2017-2023 წლების დინამიკას უნდა ჩავხედოთ. Galt & Taggart-ის დათვლებით, ამ პერიოდში IT-ინდუსტრიამ დიდი ზრდა აჩვენა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ბრუნვის, ექსპორტის, დასაქმებულთა რაოდენობისა და საშუალო ხელფასის მხრივ.
როგორი დინამიკით ხასიათდებოდა ქართული IT-ინდუსტრია 2017-2023 წლებში?
— თუ 2017 წელს, სექტორის ბრუნვა სულ რაღაც 200 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ექვს წელიწადში 14.3-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია;
— ბრუნვის ზრდა, უმეტესწილად, სერვისების ექსპორტზე მოდის, რომლის მაჩვენებელმა ექვსი წლის განმავლობაში 13.3-ჯერ იმატა და გასულ წელს 2.1 მილიარდ ლარს მიაღწია;
— მზარდი მოთხოვნისა და შემოსავლების ფონზე, საქართველოში ბევრი კომპანია შემოვიდა, რომელთაც თანამშრომლების აყვანა დაიწყეს. შედეგად, თუ 2017 წელს, IT-სექტორში სულ რაღაც 2,700 ადამიანი მუშაობდა, მომდევნო ექვს წელიწადში ამ რაოდენობამ 11.2-ჯერ იმატა და გასულ წელს 30,200 შეადგინა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, კერძოდ 70-75% - უცხო ქვეყნის მოქალაქეა;
— სექტორში კონკურენციის ზრდის ფონზე, მკვეთრად, კერძოდ 3.5-ჯერ იმატა დასაქმებულთა ანაზღაურებამ. თუ 2017 წელს, IT-ტალანტის საშუალო ხელფასი 1,958 ლარი იყო, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 6,940 ლარამდე იმატა.
ოთხივე ძირითადი ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრის მკვეთრი გაჯანსაღების მიუხედავად, ქართულ IT-ინდუსტრიაში ჯერაც არის რამდენიმე მოუგვარებელი პრობლემა. Galt & Taggart-ის შეფასებით, სექტორს ორი ძირითადი გამოწვევა აქვს, ესენია - კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე. თუ მეორე პრობლემის მოგვარება ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით შეიძლება, კადრების დეფიციტი - გლობალური პრობლემაა.
როგორც საინვესტიციო ბანკის შეფასებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრია ზემოხსენებულ გამოწვევებს დაძლევს, ხოლო ხელისუფლება დამატებით საგადასახადო შეღავათებს დააწესებს, მათ შორის საერთაშორისო კომპანიების მიერ ქართული ორგანიზაციებისთვის სერვისის გაწევის კუთხით, ქართული IT-ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. Galt&Taggart-ში აღნიშნავენ, რომ IT-მომსახურებაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რაც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტის გაორმაგების საშუალებას აძლევს.