2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა წლიურად 274%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომელიც გამყვან ტურიზმს ეხება.
საქსტატის ინფორმაციით, I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216.2 ათასი შეადგინა. 2022 წლის პირველ კვარტალში, ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელი მაჩვენებლის თითქმის ნახევარს მიაღწია (55%-ით ნაკლები 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით).
PMC-ის ინფორმაციითვე, ვიზიტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნები პანდემიამდელი მონაცემების მსგავსი აღმოჩნდა.
2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (46%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (12%), სომხეთი (12%) და ევროკავშირი (12%). მნიშვნელოვანი კლებაა აზერბაიჯანის მიმართულებით, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე ცალმხრივად აქვს დაკეტილი.
PMC ცენტრის ცნობითვე, I კვარტალში ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება 2020 წლის I კვარტლისა და 2019 წლის I კვარტლის მსგავს სურათს გვიჩვენებს. კერძოდ, ვიზიტორთათვის ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 31%) და საყიდლები (31%), რასაც მოსდევდა პროფესიული (20%) და რეკრეაციული (12%) მიზნები.
რაც შეეხება დანახარჯებს, ვიზიტორების დანახარჯებმა 2022 წლის I კვარტალში 285 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის I კვარტალთან შედარებით 14%-ით, ხოლო 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.
“დანახარჯების მნიშვნელოვანი აღდგენა ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობის ზრდით. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 6,5 ღამე იყო, რაც 2020 წლის პირველ კვარტალთან და 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2.5 და 3.1 ღამით მეტია”, - წერია კვლევაში.
ვიზიტორთა დანახარჯების 40% საყიდლებზე მოდის, ხოლო 33% კვებაზე. 2021 წლის დასაწყისიდან რიგმა ქვეყნებმა შეამსუბუქეს საზღვრის კვეთის შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ტურისტული ნაკადების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
მთავარი ფოტო: ქუთაისის აეროპორტი/ავტ: Nakanimamasakhlisi




























