ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპორტის ზრდის კუთხით, საშუალოვადიან პერსპექტივაში არის მთავარი წყარო, რომელიც არამარტო ლარის კურსის გამყარებას, არამედ ეკონომიკის ზრდასაც შეუწყობს ხელს.
როგორც ცნობილია, გუშინ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 8,5%-მდე გაამკაცრა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სებ-ი ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნებას ასახელებს, რაც ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს.
ის, რომ გაუფასურებული ლარი მტკივნეული თემაა, ამაზე ხშირად საუბრობს ბიზნესი.
დეპუტატები კი საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობას ამ საკითხზე მეტი კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებენ, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი თვლის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმაა შესამუშავებელი.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას კითხა, აქვს თუ არა რაიმე გეგმა მთავრობას და რას აკეთებს, რომ ლარის გაუფასურების პრობლემა მოაგვაროს.
„ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტი ჯერ კიდევ დიდი მოცულობით გვაქვს. შესაბამისად, ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საგადამხდელო ბალანსი გაუმჯობესებულიყო. კერძოდ ექსპორტი, მათ შორის ქართული წარმოების, არ შემცირებულა და გაიზარდა 3,5%-ით.
მთლიანობაში ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, რაც იწვევს საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
სწორედ ამიტომაც ყველა უწყება თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში მუშაობს ამ საკითხზე. მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებაზე, ესეც არის ერთ-ერთი აპრობირებული ბერკეტი იმისა, რომ მეტი განჭვრეტადობა გვქონდეს და ნაკლები რისკი, რომ ლარი გაუფასურდება. სწორი გადაწყვეტილებაა ეს.
მონეტარული პოლიტიკის ბერკეტი არის აპრობირებული, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს და ჩვენც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი რყევების ნაკლები რისკი იყოს სავალუტო ბაზარზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ქართული ნაწარმის ექსპორტის ზრდაზე მაქვს საუბარი, არის მთავარი და სწორი წყარო, რომელიც არა მარტო ლარის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს, არამედ ეკონომიკის ზრდას, რადგან სწორედ ექსპორტი, როგორც სასაქონლო, ისე მომსახურეობის, მათ შორის ტურიზმი, არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.




























