მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას არ აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი? - ეკატერინე ციმაკურიძის ბლოგი

5e27ded37f73b
ეკატერინე ციმაკურიძე
22.01.20 09:00
2951
ეკატერინე ციმაკურიძეს საავტორო ბლოგი - მოსაზრება BMG

2019 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მათი უდიდესი ნაწილი ქვეყნის პარლამენტის ყურადღების მიღმა დარჩა. პარლამენტის ყურადღება ვერ მიიქცია 20-21 ივნისის აქციებზე დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების საკითხმა, ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ პროკურატურაში სისტემური კანონდარღვევების მხილების საკითხმა, პოლიციის სისტემაში არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის და არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემის საკითხმა, მთავრობის 520-ე დადგენილებით, სამედიცინო მომსახურების ტარიფების ცვლილებით ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაძლო გაუარესების და სხვა არაერთმა აქტუალურმა და მოსახლეობისთვის პრობლემურმა საკითხმა. პარლამენტს არ შეუსწავლია სამინისტროების და სხვა აღმასრულებელი უწყებების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის არცერთი საკითხი.

აღნიშნულის პარალელურად, საინტერესოდ გამოიყურება საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების სტატისტიკური მონაცემები:
- არ შექმნილა არც ერთი საგამოძიებო კომისია;
- არცერთხელ მომხდარა თანამდებობის პირის პარლამენტში დაბარება;
- ჩატარდა 5 მინისტრის საათი, თუმცა, პარლამენტმა არ მოუსმინა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რითაც დაარღვია რეგლამენტი;
- ინტერპრელაციის წესით პარლამენტიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა გაიგზავნა აღმასრულებელ ორგანოში და ისიც უკან იქნა გათხოვილი.

პარლამენტი არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო!

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია სწვდება მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას (მთავრობის, ცალკეული მინისტრების, სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობა) და აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები:

- აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ბიუჯეტის არამიზანშეწონილი ხარჯვის, თვითნებობის, სხვა არაკანონიერი და არაკონსტიტუციური მოქმედების აღმოჩენა და პრევენცია;
- აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა;
- საზოგადოების ინფორმირება;
- აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საზოგადოების ინტერესების გატარება;
- საკუთარი კანონშემოქმედებითი გეგმის სწორი პრიორიტეტებით განსაზღვრა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი ფაქტობრივად არ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის უმთავრეს ფუნქციას, რაც ცალსახად მიანიშნებს სისტემურ ხარვეზზე, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, სრულად ფორმალურია, არ მუშაობს ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა.

გარდა იმისა, რომ პარლამენტი არ უზრუნველყოფს მთავრობის კონტროლს საკუთარი ინიციატივით, ის ასევე არ რეაგირებს საზედამხედველო მექანიზმის გამოყენების შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინიციატივებზეც.

2019 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში დღის წესრიგში იდგა საგამოძიებო კომისიის შექმნის 7 მოთხოვნა, რომელთაგან არცერთი დაკმაყოფილებულა (პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების სკანდალი; თი ბი სი ბანკისა და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციის შესწავლა; საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები; სპეცრაზმელთა მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე; RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების და გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკითხი; სასამართლოში კლანის არსებობასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა).

აქვე საგულისხმო მაგალითიც: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მის ხელთ არსებული მაკონტროლებელი მექანიზმების მეშვეობით, გამოიძია და რეაგირება მოახდინა ამერიკელი ხალხისთვის აქტუალურ არაერთ საკითხზე.

კონგრესში საჯაროდ მოუსმინეს და კრიტიკულად დაკითხეს მოწმეები, დაზარალებულები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები ისეთ მრავალფეროვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები; მედიკამენტების მაღალი ფასები და აშშ-ის მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა; ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მგრძნობიარე - თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის პრობლემა, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების მასობრივად უკანონოდ გამოყენების ე.წ. Facebook-Cambrige Analitica სკანდალთან დაკავშირებული პირების მოსმენა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები