თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ე.წ. “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი პროცესები კვლავ გრძელდება და მიმდინარე საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
საქმე ის არის, რომ ე.წ. “კაბელების საქმე” თავდაცვის უწყებაში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში, 2013 წელს დაიწყო და ის თავდაცვის სამინისტროს მიერ კომუნიკაციის კაბელების ინფრასტრუქტურის შეძენას უკავშირდებოდა. საქმეში პროკურატურა მიიჩნევდა, იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც აღნიშნული ტენდერის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები, სახელმწიფოს გააფორმებინეს ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც ბიუჯეტმა 4.1 მილიონი ლარით იზარალა, ხოლო გამოძიება კი გაფლანგვის მუხლით დაიწყო.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ალასანია პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი იყო და აღნიშნულ საქმის პოლიტიკური მოტივების შესახებ აკეთებდა განცხადებებს.
“რამდენადაც ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი გრძელდება და მომავალშიც რა შედეგი დადგება ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რამ, მე ამაზე ერთხელ გავაკეთე განმარტება და მესმის რომ თქვენი მხრიდან ეს შეიძლება გარკვეული სენსაციურობის ხარისხს იძენდეს. მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს. მხვდა პატივი ვემსახურო ჩემს სამშობლოს თავდაცვის მინისტრის რანგში. დამიჯერეთ რომ ჩემთვის ამაზე დიდი პატივი ჯერ არ ყოფილა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი შესაძლებლობების აბსოლუტური მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემი მხრიდან ყველანაირად მოვინდომო, რათა ჩემის მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს, რათა ჩვენი ჯარის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაზრდისთვის.
მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სასამართლოს გარკვეული ეტაპები დასრულებულია და ასევე სხვაც მიმდინარეობს. აქ სხვა სპეკულირების საშუალება აღარ არის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ამჟამად ირაკლი ალასანიასთან კომუნიკაცია არ აქვს.