2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი დაასახელა, რაც საქართველოსთვის ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2024 წლიდან შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებზე ამოქმედდება, 2025 წელს კი აკრძალვა სატვირთოებზეც გავრცელდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ცვლილება ევრო 5-ის სტანდარტთან შესაბამისობაში ყოფნისთვის მიიღება. ვინაიდან, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მას შესაბამის რეგულაციების მიღება და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივად დაწესებაც უწევს.
რა არის ევრო 5 სტანდარტი და რა შედეგს მოგვცემს 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის აკრძალვა? - ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას სწორედ დღეს შევეცდებით.
დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირი გარემოს დაბინძურების სტანდარტებს 90-იანი წლებიდან აწესებს - ევრო 1 რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 1992 წელს იქნა მიღებული. მას შემდეგ, დაახლოებით, ყოველ ხუთ წელიწადში ევროკავშირის მოთხოვნები მკაცრდება. ევრო 3 რეგულაცია 2000 წელს იქნა მიღებული; 2005 წელს ევრო 4 დამტკიცდა; ხოლო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო - ევრო 5 რეგულაცია ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო.
ამ შემთხვევაში ხაზგასასმელი სწორედ ევრო 5-ის მიღების თარიღია. 2009 წელს დამტკიცებული რეგულაცია სავალდებულო 2011 წლიდან გახდა, ანუ ევროკავშირის ბაზარზე გაყიდულ ყველა ახალ ავტომობილს სწორედ ეს სტანდარტები უნდა დაეცვა.
ორიოდე სიტყვით თავად მოთხოვნების შინაარსსაც რომ შევეხოთ, ევროკავშირი ავტომწარმოებლებს სპეციალურ მოთხოვნებს უწესებს, თუ რა მოცულობის მავნე ნივთიერებების გაფრქვევა იქნება ნებადართული ყოველ კილომეტრზე და როგორი უნდა იყოს გამონაბოლქვის ქიმიური შემადგენლობა.
რაც უფრო მეტად მკაცრდება რეგულაციები, ავტომობილებიც უფრო ნაკლებად აბინძურებენ ბუნებას, თუმცა თავად ასეთი ავტომობილების წარმოების პროცესიც ეტაპობრივად ძვირდება, რადგან კომპანიებს დამატებითი მექანიზმების, მოწყობილობებისა და სენსორების ჩამონტაჟება უწევთ, რაც, რა თქმა უნდა, საწარმოო ხარჯებს ზრდის.
მსოფლიოს მასშტაბით დაწესებული რეგულაციების წყალობით, ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. თავად ძრავების ეფექტიანობის მაჩვენებელი კი იზრდება, ანუ ისინი უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებას ნაკლები საწვავის მოხმარების ხარჯზე ახერხებენ, რაც ბუნებისა და ეკონომიისთვისაც კარგია.
ახლა კი, ისევ საერთაშორისო სტანდარტებს რომ დავუბრუნდეთ, ევროკავშირი არ არის მსოფლიოში ერთადერთი მარეგულირებელი, მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ფედერალური კომისია გაცილებით უფრო მკაცრ სტანდარტებს აწესებს, ზოგიერთ შტატში კი ცალკეული რეგულაციებიცაა დაწესებული, მაგალითად, კალიფორნიაში.
ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ავტომწარმოებლებს გაცილებით უფრო მეტი რეგულაციის დაცვა უწევთ, ვიდრე ეს ევროკავშირის შემთხვევაშია.
თავად ევრო 5-ს რაც შეეხება, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს, ამ პერიოდში გამოშვებული ფაქტობრივად, ყველა ავტომობილი აკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტს, ამერიკის ბაზრისთვის გათვლილი ავტომობილები კი კიდევ უფრო მეტ, დამატებით მოთხოვნებსაც ასრულებენ. რატომ არის ეს ფაქტი ასეთი მნიშვნელოვანი?
თუკი საქართველოს მთავრობას მხოლოდ ევრო სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა სურდა, მაშინ მას 2011 და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა აეკრძალა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთავრობას ევრო 6 სტანდარტის დაცვა სურდეს, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ამ სტანდარტის აღსრულება რეალურად 2016 წლიდან დაიწყო. 2016 და 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს შორის კი, საფასო კუთხით დიდი განსხვავებაა.
2011-დან 2013 წლამდე პერიოდი საქართველოსთვის ძალიან ბევრ რამეს წყვეტს, სწორედ ამ დროს ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს შორის Toyota Prius და Toyota Camry იყო, მათი დიდი ნაწილი კი ჰიბრიდული ძრავებით გამოდიოდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე თაობის Prius-ის და მეშვიდე თაობის Camry-ს მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი შეიზღუდა, თანაც აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, ვინაიდან, ეს ავტომობილები აკმაყოფილებენ როგორც ამერიკის, ასევე ევროკავშირის სტანდარტებს.
რა შედეგს გამოიღებს ეს გადაწყვეტილება? - სავარაუდოდ, ადგილობრივ ბაზარზე გაიზრდება 2013 წელზე ახალი ავტომობილების ფასები. ძველი ავტომობილების ღირებულება კი თავდაპირველად დაეცემა, თუმცა მიწოდების შეზღუდვის გამო, დროსთან ერთად, ეტაპობრივად მათზე მოთხოვნაც და ფასებიც მოიმატებს, რადგან ქვეყნის ბაზარზე შედარებით იაფფასიანი ავტომობილები ვეღარ შემოვა, მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ადგილობრივი მიწოდებით მოხდება.
საქართველოს მთავრობამ 2013 წელი, სავარაუდოდ, იმიტომ აირჩია, რომ ათი წელი უბრალოდ კარგად ჟღერს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების საშუალო ასაკი 12.5 წელია, ანუ, მთავრობის აზრით, ქართველებს უფრო მაღალი სტანდარტები უნდა გვქონდეს, ვიდრე - ამერიკელებს.