მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გულისხმობს “დრონების ევროპული კედელი” რომლის შექმნასაც მაკრონი ეწინააღმდეგება?

ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპული კომისიის მიერ წარდგენილ “დრონების კედლის” პროექტს მხარს არ დაუჭერს. საუბარია ახალ თავდაცვით სისტემაზე, რომელმაც ევროკავშირის საზღვრებზე უკანონოდ შეჭრილი დრონები უნდა აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს.

მაკრონის შეფასებით, ინიციატივა საგრძნობლად ხარჯიანი და არაეფექტური იქნება, თუ შესაბამისი მხარდაჭერის სისტემითაც არ იქნა აღჭურვილი, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ პროექტი ძალიან ზედაპირულია და საფრთხის შემცველი დრონების ყველა სახეობას ვერ გაანადგურებს. შესაბამისად, ის ვერ ამართლებს იმ ხარჯებს, რაც სისტემის შექმნის პროცესზე დაიხარჯება.

მაკრონი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დაფინანსება ადრეული აღმოჩენის სისტემების განვითარებაზე, სამხედრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის შექმნაზე დაიხარჯოს. მაკრონი რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ისეთი სისტემის შექმნა, რომელმაც ვითარების ესკალაცია სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს, მეტისმეტად საფრთხილოა.

რაც შეეხება თავად “დრონების კედლის” ინიციატივას, ის პირველად რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კომისიამ გააჟღერა და მას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებულად უჭერენ მხარს. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც ევროკავშირის მთელ საზღვარზე უნდა გადაიჭიმოს და უკანონოდ შეფრენილი დრონები გაანეიტრალოს. ამისთვის კი შეიქმნება რადარების, სენსორებისა და მტრული საფრენი მოწყობილობების ჩამოგდების სისტემათა მთელი ჯაჭვი. იდეის მომხრეების შეფასებით, ეს ევროპას ჰიბრიდული და სამხედრო საფრთხეებისაგან თავის დაცვის ერთიანი მექანიზმის შექმნის საშუალებას მისცემს, მოწინააღმდეგეები კი მაკრონის პოზიციას იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ “დრონების კედლის” აშენება გაუმართლებელი ხარჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები