მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“?

63f601383f1e1
მარიამ ვარადაშვილი
22.02.23 16:09
1443
“ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება.

კერძოდ, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტით უცხოეთის ძალად მიიჩნევა:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
 
ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით უნდა დარეგისტრირდეს. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოური გავლენის აგენტად მოიზარება, ვალდებულია, დადგენილ ვადაში იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობითი განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს და მოითხოვოს უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. თავის მხრივ, ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის რაოდენობაზე.

კანონპროექტი შემდეგი სახის ჯარიმებს ითვალისწინებს: უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არ შევსება იწვევს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით. თუ ორგანიზაცია (იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში) არ შეავსებს განაცხადის ფორმას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენისთვს ორგანიზაცია დაჯარიმდება 20 ათასი ლარით.

ამას გარდა, რეგისტრირებული ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.

კანონპროექტის ავტორები არიან: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ზაალ მიქელაძე. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამ ცვლილებების მიზანია მხოლოდ ინფორმაციის მიღება და უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს საქმიანობა არ აეკრძალებათ. როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე კრიტიკის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ღიად განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები