მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გულისხმობს LNG-ტერმინალის მშენებლობა და რა კავშირი აქვს პროექტ AGRI-სთან? - ლევან დავითაშვილი

637b69db7d278
ინგა მურუსიძე
21.11.22 15:55
1280
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი საუბარობს LNG-ტერმინალის პროექტზე, რომელიც შესაძლოა საქართველოში განხორციელდეს. საქმე ის არის, რომ ტერმინალის შესახებ პირველად საქართველოში ვიზიტის დროს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა. „რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა”, - თქვა ევროკომისარმა და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტერმინალის შესახებ საქართველოში ცნობილი არაფერია, bm.ge ეკონომიკის მინისტრისგან პროექტის დეტალებით დაინტერესდა.

„საქართველოს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი AGRI, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდეგ გაზიფიცირება რუმინეთში. ეს პროექტი სამწუხაროდ შეჩერდა და შემდგომ აღარ განვითარდა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ევროპა დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, ყველა საუბრობს ენერგო მომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალობა წელს შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტზე საუბარი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროსაც.

„საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი ალიევი, ეს საკითხი განხილვის საგანი იყო და ამის შემდეგ ჩვენ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. დღესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა სამინისტროში. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია გაზისა და ნავთობის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიდან „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთიდან და უნგრეთიდან“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურული ვითარების შეფასება.

„მნიშვნელოვანია მოხდეს სრული შეფასება არსებული ინფრასტრუქტურის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არ იქნება ერთ დღეში და ერთ წელიწადში. პირველ რიგში საჭიროა გვქონდეს სრული სურათი, მოხდეს შეფასება და ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რა დავალებაც აქვს დღეს სამუშაო ჯგუფებს, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ ამ გეგმის შესრულება. მათ შორის მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით. სხვადასხვა შეფასებები გვაქვს, სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ და იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში იქნება ინფრასტრუქტურა, დაზუსტდება უკვე ბიუჯეტიც და პროექტის განხორციელების ვადებიც“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება პროექტ AGRI-ს, ის 2010 წელს აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ალიევმა, სააკაშვილმა და ბასესკუმ, „ბაქოს დეკლარაციის“ ხელმოწერით, სათავე დაუდეს - რუსეთის გვერდის ავლით, ბუნებრივი აირის ახალ ალტერნატიულ მარშუტს ევროპისკენ.

საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ამბობდა: “ბაქოში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ახალი პროექტის შესახებ. ეს გულისხმობს, გათხევადებული აირის ტერმინალების მშენებლობა საქართველოსა და რუმინეთს შორის და ამ ტერმინალებისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან მოხდება.

საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ბუნებრივი აირი უნგრეთსაც მიეწოდება. საუბარია, დაახლოებით, ოთხი-ხუთი მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტზე. ამ პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, ნავარაუდევია წელიწადში რვა მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით.“

მედიაგამოცემა საქართველოს ხმა მაშინ წერდა, რომ რუსული პრესა პროექტმა ძალიან გააღიზიანა. “რუსები შიშობენ, რომ ალტერნატიული წყაროს გაჩენა ამ ბაზრებზე "გაზპრომის" ჰეგემონიას საფრთხეს შეუქმნის“, -წერდა გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები