მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი

6214f8733e79d
მარიამ ვარადაშვილი
23.02.22 01:00
1529
ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული კომერციის კანონპროექტზე მუშაობს. როგორც სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ BMG-ის უთხრა, გეგმავენ კანონპროექტი პარლამენტმა წელსვე მიიღოს.

ახალი კანონპროექტი საქართველოში არსებულ ელექტრონულ ვაჭრობას დაარეგულირებს, თუმცა ყუბუსიძის თქმით, კანონპროექტის მიზანს არა რეგულაციების დაწესება, არამედ ამ სფეროს საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება წარმოადგენს.

ამასთან, გათვალისწინებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაც, ხოლო ერთგვარი ზედამხედველი ორგანო მათი უფლებების დაცვის საკითხში კონკურენციის ეროვნული სააგენტო იქნება.

“ქვეყანაში ელექტრონული კომერციის კანონმდებლობა არ არსებობს. კერძოდ, არ არსებობს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. კანონპროექტით სერვისის შუალედური პროვაიდერები ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, რომელიც რეალურად ისედაც ინფორმაციის გამტარია. ესენი შესაძლოა იყვნენ ტელეკომოპერატორები ასევე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმები, რომლებიც ტექნიკურ საშუალებას აძლევენ მომხმარებელს და შუალედური რგოლია მათსა და სერვისის მიმწოდებლებს შორის. ევროპული დირექტივაც ამბობს იმას, რომ მსგავსი შუალედური სერვისის პროვაიდერები პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ თუ ისინი კონტენტში არ ერევიან. მაგალითად, რომელიმე ქართულ საიტზე თუ შეიძენთ პროდუქტს, გამტარია კომპანია, რომელმაც ინტერნეტი მოგაწოდათ, ასევე მომწოდებელ კომპანიას შეიძლება ჰოსტერად სხვა კომპანია ჰყავდეს დაქირავებული, მათ პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. კანონპროექტით შემოდის “ქეშერის”, “გამტარისა” და “ჰოსტერის” განსაზღვრებები. ისინი ელექტრონულ კომერციაში შუალედურ მომსახურებას გაწევენ და გათავისუფლდებიან ზედმეტი პასუხისმგებლობისგან”,-ამბობს ყუბუსიძე.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით სერვისით მიმწოდებელი ვალდებული იქნება საკუთარ თავზე ინფორმაცია განათავსოს, რათა საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მიკვლევადი იყოს. მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ სერვისის მიწოდების დროს გარკვეული პრობლემა შეიქმნება, ხოლო რამდენად სწორად იქნება განთავსებული ეს ინფორმაცია და სხვა დეტალების აღსრულებაზე პასუხისმგებელია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

“სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს ეცოდინებათ კანონის შესაბამისად რა სახის ინფორმაციის განთავსება ევალებათ საიტზე, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ ეცოდინებათ რომ კონკურენციის სააგენტოს სახით მაკონტროლებელი ჰყავთ. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ელექტრონული ხელშეკრულების დადების პროცედურა მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას შორის. დღეს ნებისმიერი დავის შემთხვევაში სერვისის მიმწოდებელმა შესაძლოა თქვას, რომ თქვენ ჩემთან ხელშეკრულება არ გაგიფორმებიათ. ამ შემთხვევაში დავა შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. მომხმარებელს ასევე ექნება უფლება გარკვეული ცვლილება შეიტანოს ხელშეკრულებაში გარკვეულ პერიოდში”,-აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები