სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, ამერიკული Subway-ი ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შემოვიდა. თავის დროზე, კომპანიას ფრენჩაიზის გაყიდვის განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, რადგან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც Subway-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, ამ ბრენდის რესტორნის გახსნა შეეძლო. დღეს, როგორც ჩანს, კომპანიამ ეს მიდგომა შეცვალა და ერთ ძლიერ მოთამაშესთან პარტნიორობაზე გადაეწყო. ამიერიდან, საქართველოში Subway-ის ასეთი პარტნიორი “ვისოლ ჯგუფი” იქნება, რომელმაც ამერიკულ გიგანტთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა.
რას გულისხმობს ეს შეთანხმება და რა გავლენას მოახდენს Subway-ის ლიცენზიატებს შორის “ვისოლ ჯგუფის” შესვლა საქართველოში უკვე არსებულ რესტორნებზე - “საქმიან საღამოში” ამ კითხვებს “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ უპასუხა.
“ყველა ადამიანს, ვინც ბიზნესს აკეთებს, თან არამხოლოდ ამ ქვეყნის შვილებს, პატივს ვცემ და ძალიან თბილად ვიხსენებ. დასაფასებელია ადამიანი, რომელიც აგურს დებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
დღეს, Subway-ის რვა რესტორნითაა წარმოდგენილი და ძალიან დიდი ხანია, ეს ბრენდი საქართველოში ოპერირებს. ეს შემოთავაზება 2013-ში თუ 2014-ში მქონდა, მაგრამ მაშინ, Subway-ში კონცეპტუალურად განსხვავებული მიდგომა იყო - სურდათ, რომ ქვეყანაში ბრენდის ათი, ოცი და ოცდაათი სხვადასხვა მფლობელი ყოფილიყო. სხვა ბრენდები, მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში, ამას არ აკეთებენ და Subway-ი ამ მხრივ გამორჩეული იყო. შეიძლება ერთ რესტორანში შევიდე და ერგონომიკა და მომსახურების ხარისხი მომეწონოს, მაგრამ მეორე რესტორანში შევიდე და არ მომეწონოს. არადა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელმა არ იცის, თუ რომელი რესტორანი - ვისია.
სამი წლის წინ, Subway-ში მენეჯმენტი შეიცვალა და პირველი, რაც გააკეთეს ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ, კომპანია $10 მილიარდად გაიყიდა - ეს ძალიან დიდი თანხაა და იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია, რაც ბოლო წლებში მოხდა. ამ ყველაფრის ქვაკუთხედი კი ის იყო, რომ თქვეს, ყველა ქვეყანაში შევალთ და გვეყოლება ერთი ძლიერი პარტნიორი, როგორც ამას სხვა დიდი ბრენდები აკეთებენ, მათ შორის Wendy’s-ი და Dunkin-ი.
ეს ადამიანები და კომპანიები, რომელთაც საქართველოში რვა რესტორანი გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ახლა, ეს ბრენდი ჩვენი კორპორაციის ქვეშ მოხვდა და ჩვენთან, განვითარების ტემპები სხვანაირი იქნება. თუმცა ჩვენ ერთი სისტემა ვართ, ისინიც ჩვენი სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და ანგარიშვალდებულები არიან ჩვენთან. ჩვენ კი, პირიქით, მათ ხელს შევუწყობთ, რომ არსებული რესტორნებიც განვითარდეს, მაგრამ Subway-ის ნებისმიერი ახალი რესტორანი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ “ვისოლ ჯგუფის” მიერ განვითარდება და ეს არის მთავარი არსი”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში”.
გამომდინარე იქიდან, რომ სულ მცირე ამ ეტაპზე, საქართველოში Subway-ის რამდენიმე რესტორანი სხვა პირების მმართველობაში რჩება, BMG დაინტერესდა, განსხვავებული იქნება თუ არა მენიუ, ფასები და მომსახურების ხარისხი საქართველოში Subway-ის უკვე არსებულ რესტორნებს და “ვისოლ ჯგუფის” Subway-ის რესტორნებს შორის.
“მენიუს და პროდუქტებს რაც შეეხება, ფასების მხრივ განსხვავება არ გვექნება, რადგან მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ ეს რესტორნები ერთი ბრენდის ქვეშ ოპერირებს. მომსახურების ხარისხს რაც შეეხება, ბევრს არაფერს ვიტყვი - ჩვენ ჩაციკლულები ვართ ამ თემას. სერვისისა და პროდუქციის ხარისხი არის ქვაკუთხედი და მთავარი საზომი იმისა, თუ რატომ ვაკეთებთ ბიზნესს ამ ქვეყანაში - ასე იყო დასაბამიდან და ასე იქნება ბოლომდე, ამიტომაც ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მიბრძანდით ჩვენს რესტორნებში და ნახავთ”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში”.