მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს ერაყისა და საამიროების კონსორციუმის $700-მილიონიანი პროექტი WorldLink-ი?

WorldLink

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ერაყის ერთობლივი კონსორციუმი მონაცემთა გადატანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კაბელების $700-მილიონიან პროექტს აანონსებს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, WorldLink-ის მიზანი იქნება, კონკურენცია გაუწიოს სუეცის არხზე უკვე არსებულ კაბელს და ხელი შეუწყოს მონაცემთა მიმოცვლა ევროპასა და აზიას შორის. კონკრეტულად, კაბელები საამიროების ტერიტორიას ზღვით დააკავშირებს ერაყს, ხოლო ერაყიდან თურქეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდება. პროცესში ჩართულები იქნებიან ერაყული კომპანია Tech 964, ასევე ქურთული ტექნოლოგიური კომპანია DIL Technologies-ი და საამიროებში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი Breeze-ი.

კონსორციუმში მოელიან, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების, ასევე AI მონაცემთა ცენტრების აგებაზე და მონაცემთა მიმოცვლაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ეს პროექტი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს დააინტერესებს და გაუჩენთ სურვილს, მეტი ინვესტიცია სწორედ სამიზნე სახელმწიფოებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ერაყში ჩადონ. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ექნებათ გამზადებული ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რათა ტექ-გიგანტების მონაცემთა ცენტრების საჭიროებებს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება და სრულად 5 წელიწადში დასრულდება, რის შემდეგაც შეიქმნება ერთგვარი სატრანზიტო კორიდორი, რომელიც კონკურენციას არამარტო სუეცის არხზე გამავალ კაბელს, არამედ იმავე პერიოდისთვის დაანონსებულ მეორე პროექტს გაუწევს. პროექტს, რომელსაც საუდის არაბეთი და სირია ერთობლივად ახორციელებენ და რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აღწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ნაბიჯით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რეალური მიზანია, არ დაუშვას მეზობელი სახელმწიფოს დომინირება რეგიონში და ინვესტიციები, რომლებიც ერ-რიადისკენ შეიძლება იქნეს მიმართული, დარჩეს საამიროებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები