ევროპულმა კომისიამ უკრაინისთვის მაკროეკონომიკური გადაუდებელი დახმარების $4.5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა და უკრაინის მთავარი ფინანსური მხარდამჭერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას $208 მილიარდის დახმარება გაუწია. დამატებით გამოყოფილი $4.5 მილიარდი უკრაინისთვის განსაზღვრული მაკროეკონომიკური დახმარების $21-მილიარდიანი პაკეტის ნაწილია და მას ზურგს დიდი შვიდეულის მიერ შემოღებული მასშტაბური სასესხო პროექტი ERA უმაგრებს.
მარტივად რომ განვმარტოთ რაზეა საუბარია, ERA გულისხმობს $52 მილიარდის რუსული აქტივების უკრაინისთვის სესხის სახით მიცემას. რომ არა ERA-ს ინიციატივა, ევროკავშირი $4.5 მილიარდის მობილიზებას მოკლე დროში ვერ მოახერხებდა.
რაც შეეხება გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას, არსებული ინფორმაციით, ტრანშის ნახევარი ევროკავშირ-უკრაინის შეთანხმების საფუძველზე დრონების წარმოების განვითარებისთვის დაიხარჯება. დანარჩენი თანხა კი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასა და სხვა გადაუდებელი სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ჯამურად წელს ევროკავშირმა უკრაინას $16.3 მილიარდის ფინანსური დახმარება გაუწია.
პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ევროგაერთიანებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად დიდია ევროკავშირის როლი უკრაინის სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში.




























