მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამერიკული Apple-ი მაღაზიებს თავად მართავს და შესაბამისად, საცალო ვაჭრობაშიც უშუალოდაა ჩართული. თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ბაზარი არც თუ ისე დიდია, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია პირდაპირ წარმოდგენილი არ არის, ხოლო მის პროდუქციას სხვადასხვა კომპანიები ყიდიან. საქართველოში, Apple-ის პროდუქცია სხვადასხვა მერჩანტების მიერ იყიდება, რომლებიც Apple-ის მიერ მინიჭებული სხვადასხვა სტატუსით სარგებლობენ, საუბარია “ოფიციალური რესელერისა” და “პრემიუმ რესელერის” სტატუსებზე, რომელთაც კომპანიებს თავად Apple-ი ანიჭებს.
როგორც ქართულ კომპანია ASBC-ში ამბობენ, რომელიც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში iSpace-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს, ის ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც Apple-ის პრემიუმ რესელერის სტატუსს ფლობს, რაც თავად სტატუსთან ერთად, კომპანიას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
“Apple-ის პრემიუმ რესელერი, ხშირად, ჩვენი სახელი ჰგონიათ, რომელიც მოვიფიქრეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალურად, Apple Premium Reseller-ი არის სტატუსი, რომელსაც Apple-ი მას შემდეგ განიჭებს, რაც მისგან ფრენჩაიზს იყიდი. ამას, ცხადია, მოჰყვება Apple-ის მრავალწლიანი საცალო გამოცდილების ნოუჰაუ, რომელიც შენს კომპანიასა და ბიზნესში უნდა დანერგო. iSpace-ის ნებისმიერი მაღაზია, მაგალითად, სრულადაა შექმნილი Apple-ის დიზაინერების მხრიდან - ჩვენ სწორედ იმას ვაკეთებთ, თანაც მილიმეტრებში, რასაც Apple-ი - საკუთარ მაღაზიებში”, - ამბობს გიორგი კუბლაშვილი და დასძენს, რომ ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობა მხოლოდ დიზაინით არ შემოიფარგლება.
“ჩვენი მაღაზიები მაქსიმალურადაა მიახლოებული Apple Store-ის დიზაინს და მომხმარებლის გამოცდილებაც - იდენტურია. ამ გამოცდილების აუცილებელ ნაწილს მომხმარებელთან კონსულტაცია წარმოადგენს. ჩვენი კონსულტანტები, ყოველ კვირა, Apple-ის პლატფორმაზე ტრენინგებს ატარებენ და გამოცდებს აბარებენ. თუ კონსულტანტი გამოცდას ვერ აბარებს, ჩვენთან ამ ადამიანის დასაქმება რთულია, მაგრამ ამით ვრწმუნდებით, რომ მომხმარებელი, რომელიც კონსულტანტს კითხვას უსვამს, მასზე ამომწურავ პასუხს მიიღებს”, - ამის შესახებ iSpace-ის მარკეტინგის დირექტორმა, გიორგი კუბლაშვილმა TECH INFORM-ში სტუმრობისას განაცხადა.