მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის?

ილონ მასკი / დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაში ლომის წილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს მიუძღვის. თავდაპირველად, ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მიმართ ქება არ დაიშურა და თან, წლევანდელი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, წყალგამყოფ მოვლენად შეაფასა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ილონ მასკმა ამ დრომდე არნახული ლატარია დაიწყო, რომლის ფარგლებში პეტიციაზე ხელმომწერებს დღეში $1-მილიონიან ჯილდოს აძლევდა. საერთო ჯამში, ამ არჩევნებზე ილონ მასკმა დიდი ფული და ენერგია დახარჯა, მაგრამ ინვესტიციამ გაამართლა, რადგან დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ილონ მასკი თანამდებობაზე დანიშნა. “სამთავრობო გამჭვირვალობის დეპარტამენტი” — ასე ეწოდება უწყებას, რომელსაც ილონ მასკი და ანტრეპრენიორი ვივეკ რამასვამი გაუძღვებიან. უწყება, რომელიც DOGE-ის აკრონიმითაა ცნობილი, ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იმუშავებს. თუ “სამთავრობო გამჭვირვალობის დეპარტამენტი” მართლაც შეიქმნება, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთ საინტერესო წინადადებას მიიღებს, მათ შორის კონკრეტული სამინისტროების და სააგენტოების გაუქმების თაობაზე. ერთი საკითხი, რომელზედაც ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი ამ დროისთვის თანხმდებიან — განათლების დეპარტამენტის, იგივე განათლების სამინისტროს გაუქმებაა.

თუმცა საჯარო თანამდებობის გარდა, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდაჭერით ილონ მასკმა უფრო მნიშვნელოვან რამ მოიპოვა — ძალაუფლება. ბოლო თვეებში, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ძალიან დაახლოვდნენ, ხოლო ილონ მასკი დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა. სხვადასხვა ინფორმაციით, ილონ მასკი ხშირად ესწრება დონალდ ტრამპის მარ-ო-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ თათბირებს და პირდაპირაა ჩართული მომავალი სამთავრობო კაბინეტის წევრების შერჩევაში. ილონ მასკი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის იდეებს პოლიტიკურ ჭრილშიც შთააგონებს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების უდიდესი ნაწილი Tesla-დან მოდის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელს ფლობს, რომელიც, თავის წილ, ავტომობილების თვითმართვად ტექნოლოგიას უზრუნველყოფს. დღეს, Tesla ამერიკელების რჩეული ბრენდია, ანუ აშშ-ის ბაზარზე Tesla-ზე მეტ ელექტრომობილს ვერც ერთი კომპანია ვერ ყიდის. მომავალში, სავარაუდოდ, ამ ჩამონათვალს ილონ მასკის კომპანიის წარმოების ჰუმანოიდი რობოტები დაემატება, მაგრამ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

დონალდ ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი “ამერიკაცენტრულობა”, ანუ მიდგომა, რომლის ფარგლებში პოლიტიკოსი ყველას და ყველაფრის წინაშე ამერიკის შეერთებულ შტატებს აყენებს. ეკონომიკურად, ეს მიდგომა პროტექციონიზმის ერთ-ერთ სახეობად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოდ დონალდ ტრამპის ნავთობის ინდუსტრიასთან ურთიერთობაში გამოიხატება. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპს აშშ-ში ნავთობის მოპოვების გაზრდა სურს, რაც გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასის შემცირებას გამოიწვევს. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე არის შენარჩუნებული, რაც OPEC-ის ლიდერების, რუსეთის და საუდის არაბეთის პოლიტიკას უკავშირდება.

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოგონება ჩინეთთან ე.წ. სავაჭრო ომის დაწყება იყო, რაც ორ ქვეყანას შორის მკაცრი სასანქციო რეჟიმების არსებობას მოიაზრებს. ახლა კი, დონალდ ტრამპი ჩინეთთან ტექნოლოგიური კონკურენციის პოლიტიკის გამკაცრებას და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 60-100%-იანი ტარიფების დაწესებას აანონსებს. ამ გზით, დონალდ ტრამპი ტექნოლოგიური კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას მკვეთრად შეცვლის, რადგან ისინი ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები არიან, ხოლო ბევრი კომპანია მოწყობილობებს საერთოდაც ჩინეთში აწყობს.

ამასთან, დონალდ ტრამპი ჯერაც კატეგორიულად უარყოფს კლიმატის ცვლილების არსებობას, როცა მის მარჯვენა ხელს, ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ თუკი დედამიწაზე არსებობს კომპანია, რომელსაც კლიმატის ცვლილების ტემპის შენელება შეუძლია, ეს უდავოდ Tesla-ა. თუმცა იმ პირობებში, როცა დონალდ ტრამპი ნავთობის ეროვნული წარმოების წახალისებას გეგმავს, რაც, თავისი არსით, ელექტრომობილების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაა, ილონ მასკს პრეზიდენტის გადარწმუნება მოუწევს, თანაც ბევრ საკითხში.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი სუბსიდიაა, რომელსაც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიები აშშ-ის ეკონომიკაში განხორციელებული კონკრეტული ინვესტიციის სანაცვლოდ იღებენ. აღნიშნული სუბსიდია პირდაპირ ავტომობილებს ფასს აკლდებოდა, ანუ ახალი ელექტრომობილები ქვეყანაში საბაზრო ფასზე უფრო იაფად იყიდებოდა — ამ სუბსიდიის მიზანი ქვეყანაში ელექტრომობილების ყოლის წახალისება იყო. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს ეს მიდგომა გულზე არ ეხატება და თუ სუბსიდიების ერა დასრულდება, ელექტრომობილები გაძვირდება, შესაბამისად მოთხოვნა, სავარაუდოდ, მკვეთრად დაიკლებს.

თუკი ამერიკული კომპანიები ელექტრომობილებს ვეღარ გაყიდიან, ამ მხრივ არსებული ტექნოლოგიური გარღვევები შემცირდება და EV-ების მიმართულებით გლობალურ ლიდერად, სავარაუდოდ, რომელიმე ჩინური ავტომწარმოებელი გიგანტი ჩამოყალიბდება. ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ, მოგეხსენებათ, ელექტრომობილების ინდუსტრია ფაქტობრივად ხელოვნურად, პოლიტიკური მიზეზებით შექმნა და თუკი იაფიან ჩინურ ელექტრომობილებს კონკურენციას ვერავინ გაუწევს, გლობალური ბაზრის უდიდეს ნაწილს სწორედ BYD, Geely-ი, Zeekr-ი, Nio და სხვა მსგავსი ბრენდები დაიკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები