საქართველოს საბანკო ასოციაციის პროექტის - "ღია ბანკინგის" დირექტორმა მიხეილ კაპანაძემ “საქმიან დილაში” ახალი პროექტის შექმნის შესახებ ისაუბრა. რას ნიშნავს “ღია ბანკინგი” და როგორ შეძლებენ მომხმარებლები მის გამოყენებას?
“მას შემდეგ, რაც ჩვენი ფული შენახვის ნაცვლად ბანკში შევიტანეთ, სურვილი გაგვიჩნდა, რომ ფულთან რეალური წვდომა გვქონოდა. მაგალითად, გადაგვერიცხა ან გადაგვეხურდავებინა. დღეს ეს ბევრი ტექნოლოგიური საშუალებითაც არის შესაძლებელი. ტექნოლოგიები ვითარდება და რეალურად ბანკებს ამ ყველაფრისთვის ფეხის აწყობა უწევთ. ისინი ამას საკუთარი ძალებით აკეთებენ და უნიკალურ პროდუქციას ქმნიან.
PSD 2-ის დირექტივის (საგადახდო მომსახურებების დირექტივა - ბანკებისთვის ხელმისაწვდომი იმ მონაცემების ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის და ფინტექ-სუბიექტებისთვის გახსნას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს ინოვაციური ფინტექ-სუბიექტების განვითარებას და, შესაბამისად, თავისუფალ კონკურენციას) მიხედვით, შესაძლოა ბანკების გარდა, ეს ტექნოლოგიური ნაწილი სხვებმა გააკეთონ. მათ საბანკო ანგარიშზე წვდომა ჰქონდეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიები შესთავაზონ. ასევე, ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ეს კომპანიები ინფორმაციის დაცულობის კუთხით დარეგულირდება, თუმცა, მათი რეგულაციები საბანკოზე მსუბუქი იქნება", - განაცხადა მიხეილ კაპანაძემ.
“საქმიან დილაში” "ღია ბანკინგზე” საუბრისას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განმარტა, რომ ღია ბანკინგი რეალურად მომხმარებლებთან წვდომის და მათთვის ახალი სერვისების მიწოდების საშუალებას აფართოებს. ასევე, ბაზარზე კონკურენციას ზრდის.
“ღია ბანკინგის პროექტი საბანკო ასოციაციის ქვეშ არსებობს, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის აბსოლუტურად ახალია. ის უშუალოდ სტანდარტის დანერგვაზე იმუშავებს. სებ-ის მხრიდან ევროდირექტივასთან დაახლოების ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. სებ-თან შეთანხმებით ამ სტანდარტზე მუშაობა მიმდინარეობს. რეალურად, აბსოლუტურად ღია სივრცეზე ვსაუბრობთ, სადაც, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში ყველა საფინანსო ინსტიტუტი ვალდებული იქნება ეს სერვისი გამოიტანოს. “ღია ბანკინგი” შეგიძლიათ თქვენს ვებგვერდზე დააინტეგრიროთ", - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.