მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ნიშნავს კატართან LNG-ზე მიღწეული შეთანხმება EU-ს ყველაზე მსხვილი ეკონომიკისთვის?

638866b1b2be1
მარიამ ვარადაშვილი
01.12.22 12:46
674
მიმდინარე კვირაში გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე 15 წლიანი შეთანხმება გააფორმა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპისთვის ეს პირველი გრძელვადიანი შეთანხმებაა LNG-ის მიწოდებაზე.

შეთანხმებით ირკვევა, რომ კატარის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიისგან გერმანია წლიურად 2 მლნ ტონა LNG-ის 2026 წლიდან მიიღებს, მაშინ როცა ქვეყანას ბუნებრივი გაზი 2023-2024 წლებში განსაკუთრებით სჭირდება. ამიტომ, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მიწოდება ცოტა დაგვიანებულია.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა შეთანხმებას დიდებული უწოდა და თქვა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა შეთანხმება უფრო ხანგრძლივიც ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მოცულობა რუსულ გაზთან შედარებით მცირეა, ხელშეკრულების ხელმოწერა მსოფლიო LNG-ის ბაზარზე არსებული მზარდი კონკურენციის პირობებში მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც გერმანული DW წერს, კატართან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთადაც იმყოფებოდა. მოლაპარაკებები კონტრაქტის ხანგრძლივობას შეეხებოდა. როგორც წესი კატარი, რომელიც მსოფლიოში LNG-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, ხანგრძლივ კონტაქტს ითხოვს", - წერს გამოცემა.

გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესაც გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება. წლიურად, გერმანია დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტ გაზს მოიხმარს, რომლის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია. პარალელური გაზსადენი Nord Strem 2, რომლის მშენებლობაზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, თავად გერმანიამ გააჩერა.

იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე დიდმა ეკონომიკამ რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს, წლიურად დაახლოებით 40 მლნ ტონა LNG სჭირდება. კატარის ენერგეტიკის მინისტრი საად შერიბა ალ კაადი აცხადებს, რომ ცდილობენ გერმანიას და ევროპასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში მხარი დაუჭირონ და ეს შეთანხმებაც ამას ემსახურება.

“გერმანია ევროპაში გაზის ყველაზე მსხვილი ბაზარია და ჩვენ დავუდასტურეთ მხარდაჭერა ენერგოუსაფრთხოების კუთხით”,-განაცხადა მან. მისივე თქმით, ცალკეულ გერმანულ კომპანიებთან გაზის დამატებითი მოცულობის შეძენაზე მოლაპარაკეკები გრძელდება.

იმისთვის, რომ ევროკავშირმა რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს, მას წლიურად 112 მლნ ტონა LNG სჭირდება, რაც დღეს მსოფლიოში წარმოებული თხევადი გაზის თითქმის მესამედია. თავად კატარს, რომელსაც საკუთარი წარმოების 70% უკვე არსებული კონტრაქტებით აზიის ბაზარზე გააქვს, ამ ეტაპზე ევროკავშირში მხოლოდ 10-15%-ის გატანა შეუძლია. კატარის LNG-ის ყველაზე მსხვილი მომხრებლები ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა არიან. გასულ კვირაში ქვეყანამ ჩინეთთან წლიურად 4 მლნ ტონა LNG-ის ექსპორტზე 27 წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები