მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს მოსამართლის მიერ „გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე“ მიღებული გადაწყვეტილება?

61f3d46e82c5f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.22 15:41
1331
„გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე“ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა 24 იანვარს სასამართლოს მხარეთა პირველი ზეპირი მოსმენის გაუქმების შემდეგ გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იურიდიული ფირმა BLB-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმის“ მიმართ დიდი ინტერესის გამო გაჩნდა კითხვა - რას ნიშნავს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც ნონა გაფრინდაშვილის უფლებების დამცველმა იურიდიულმა ფირმა BLB-ის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას დეტალური განმარტება მიაწოდეს.

„კალიფორნიის შტატის მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ - ეს ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, ქალბატონი ნონას  მთავარი ეტაპი ამ სამართლებრივ ბრძოლაში. ნონა გაფრინდაშვილი მრავალი თაობების ინსპირაცია იყო ჭადრაკში, სპორტში, ცხოვრებაში და კიდევ ერთი პრეცენდენტი შექმნა მან ამ შემთხვევაში ამერიკულ სამართალში, მან კიდევ ერთი გამარჯვებული პარტია შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქეისი სამართლებრივად პრეცენდენტი იქნება მსგავს საქმეებში, რადგან განსაკუთრებით სპეციფიური საქმეა სამართლებრივად“, - განაცხადა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა კი განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ Netflix-ის მიერ წარდგენილი ყველა არგუმენტი უგულებელყო და „Netflix-ი ნონა გაფრინდაშვილთან საჭადრაკო პარტიის სათამაშოდ დასვა“.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ Netflix-ი, ფაქტობრივად, საჭადრაკო დაფასთან დასვა. დაცვის ეს ხაზი - Antislep შუამდგომლობა ნიშნავს იმას, რომ მას ადვილად შეეძლო ამ დავის არიდება. ამ გადაწყვეტილებით კი მოსამართლემ მას უთხრა, რომ უნდა დაჯდეს ამ საჭადრაკო პარტიასთან და უნდა ითამაშოს ეს პარტია ქალბატონ ნონასთან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება თავის არსით მნიშვნელოვანია. მოსამართლემ მას უთხრა, რომ მოუწევს სასამართლოში არსებითი განხილვის დროს თავის დაცვა თავისი არგუმენტებით.

მთავარი, რაც ქართულ საზოგადეობაში და მედიაში იყო განხილვის თემა - შეიძლება თუ არა მხატვრული ნაწარმოებით დააზიანო რეალური ადამიანი? ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ Netflix-სს არ აქვს უფლება ამ არგუმენტით დაიცვას თავი, ასეთია პრეცენდენტი ამერიკულ პრეცენდენტულ სამართალში. ის, რომ ნაწარმოები მხატვრულია, ეს არ არის დაცვა იმისთვის, რომ ამ მხატვრული ნაწარმოების ქუდით დააზინო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

სასამართლო ამ გადაწყვეტილებით პასუხობს Netflix-ის ყველა ძირითად არგუმენტს და აქარწყლებს, სრულად იზიარებს ჩვენი შესაგებლის ხაზს და სრულად იზიარებს ჩვენს არგუმენტაციას.

ყველა მისი დაცვის არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ რომ Netflix -ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ მუშაობდა. ძალიან საინტერესო და პრეცენდენტული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მან საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა გააცნო საზოგადეობას და განმარტა, რომ თავად ნონა გაფრინდაშვილი პრესკონფერენციას კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ დაესწრო.

ცნობისთვის, ადვოკატების ინფორმაციით, Netflix მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ "მიზანმიმართულად გაჟღერებულ" მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. "ნიუ-იორკ თაიმსი" კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი ფირმა BLB-ის ინფორმაციით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა განაგრძო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები