მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს უოლ-სტრიტის ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენა?

ეთერიუმი

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ეთერიუმის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა, რითაც ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე კრიპტოაქტივის გამოჩენას აუნთო მწვანე შუქი.

ამ ეტაპზე, საფონდო ბირჟაზე ათამდე კომპანიის მიერ გამოშვებული ETF-ებია ხელმისაწვდომი, ემეტენტებს შორის არის: Fidelity, Invesco, iShares, VanEck, Grayscale და Franklin, ანუ ინდუსტრიის ყველა ძირითადი მოთამაშე.

ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ეთერიუმის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები, მაგალითად: აქციები, ობლიგაციები ან ოქროს სერტიფიკატები.

ზოგადად, ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად, Fidelity-ის ოქროს ფონდში სწორედ ოქროს ფლობის სერტიფიკატებია გაერთიანებული. ეთერიუმის ETF-ის შეძენით კი ინვესტორი თანხას კრიპტოაქტივში აბანდებს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენით კრიპტოინდუსტრიაში დამატებითი ინვესტორები გაჩნდებიან, მათ შორის ის ინსტიტუციური ინვესტორებიც, რომლებიც ციფრულ აქტივებში პირდაპირი ინვესტირებისგან, ამ დროისთვის, თავს იკავებენ. ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, ბირჟებზე დალისტვიდან თორმეტი თვის განმავლობაში, ეთერიუმის ETF-ებში ინვესტორები $45 მილიარდს დააბანდებენ. თუკი ამ პროგნოზის მასშტაბთან დაკავშირებით, შესაძლოა, კითხვები გაჩნდეს, ინვესტიციების შემოდინებაზე არავინ დავობს, რადგან სწორედ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც SEC-მა ბიტკოინის რამდენიმე ETF-ი დაამტკიცა.

თუმცა ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებისგან განსხვავებით, ეთერიუმის ETF-ების დამტკიცებას კრიპტოინდუსტრიისთვის დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. საქმე ისაა, რომ თუ ამერიკული მარეგულირებელი ორგანოები თანხმდებიან, რომ ბიტკოინი საბირჟო საქონელია, ანუ დაახლოებით ის, რაც არის ოქრო ან ვერცხლი, ეთერიუმის თაობაზე საერთო დეფინიცია შეთანხმებული არ არის, ანუ დებატი იმის თაობაზე, საბირჟო საქონელია ეთერიუმი თუ ფასიანი ქაღალდი, ჯერაც აქტუალურია. თავად ეს განმარტება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საბირჟო საქონელი და ფასიანი ქაღალდი შინაარსობრივად იმდენად განსხვავებული ცნებებია, რომ მათი რეგულირების გზები, ისევე, როგორც თავად მარეგულირებელი უწყებები - განსხვავებულია. აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის შეფასებით, ეთერიუმი საბირჟო საქონელია, მაგრამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლის მხრიდან განმარტება მკაფიო არ არის. ამგვარად, ეთერიუმის ETF-ის დამტკიცებამ, წესით და რიგით, ამ თემას ნათელი უნდა მოჰფინოს, თუმცა შედეგი ცალსახა ჯერაც არ არის.

აქვე, ეთერიუმის რაობაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც 416 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტია. ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმი მრავალი დანიშნულების მქონე პლატფორმაა, რომლის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეიძლება.

ეთერიუმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის საშუალებას იძლევა. ეს არის თვითგანხორციელებადი პროგრამა, რომელიც წინასწარ დადგენილ შეთანხმებას ავტომატურად აღასრულებს. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი ბრძანება, როგორიცაა "თუ მე X-ს გავაკეთებ, შენ Y გააკეთე". აქ მთავარი ისაა, რომ კონტრაქტი ავტომატურად სრულდება, ადამიანის ნებართვის, ჩართულობისა და დახმარების გარეშე.

ჭკვიანი კონტრაქტების ყველაზე გავრცელებული გამოყენება დეცენტრალიზებულ ფინანსებში, ან DeFi-ში გვხვდება. ეს ნიშნავს ფინანსური სერვისების გამოყენებას ბლოკჩეინზე. თეორიულად, მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომატურად შეასრულონ თითქმის ნებისმიერი საბანკო მომსახურება, მაგალითად: განახორციელონ ტრანზაქციები, გაასესხონ ან ისესხონ ფული, გახსნან ანგარიში, ივაჭრონ აქციებით ან კრიპტოვალუტებით, მიიღონ დაზღვევა და სხვა. მთელ ამ პროცესს ეთერიუმზე დაშენებული DeFi აპლიკაცია ავტომატურად უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმი ტექნოლოგიური პლატფორმის ფუნქციას ასრულებს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ვალუტის როლის შესრულება.

ფინანსურ სერვისებს გარდა, ეთერიუმის გამოყენების შემთხვევები ვრცელდება სხვა სფეროებშიც. მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თამაშები. კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი მიწოდების ჯაჭვების გასაკონტროლებლად და DeFi პლატფორმების შესაქმნელად.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმის ღირებულებას სწორედ მისი დანიშნულება განსაზღვრავს და სწორედ ამიტომ არის მასზე ასეთი მაღალი მოთხოვნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები