მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას საქმიანობს BlackRock-ი, რომელსაც ე.წ. “გლობალური ომის პარტიას” უკავშირებენ?

blackrock

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადამხდელო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს.

აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $11.55 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.5 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.5 ტრილიონია, ანუ ბოლო თორმეტ თვეში BlackRock-მა სწორედ ერთი მექსიკა დაიმატა. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ.

მაშ, რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $11.55 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წელს $20.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 14%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. შემოსავალთან ერთად, მკვეთრად, კერძოდ 16%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $6.4 მილიარდი შეადგინა. ამ თანხას უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით. აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

BlackRock-ის აქტივების ღირებულება, ისევე, როგორც მიღებული შემოსავალი და წმინდა მოგება ამ ამერიკული კორპორაციის დიდძალ ფინანსურ ძალაუფლებაზე მიუთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკოსების და ბიუროკრატების გარდა, ე.წ. Deep State-ში, ისევე, როგორც “გლობალური ომის პარტიაში”, “მასონებში” ან “ილუმინატებში” ადამიანები ხშირად სწორედ კორპორაციებს გულისხმობენ. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, სამი წაყვანი ძალა გვევლინება, ესენია BlackRock-ი, State Street-ი და Vanguard-ი, რომლებიც, თავის წილ, აქტივების მმართველი უდიდესი კომპანიები არიან, რომლებიც პლანეტის უდიდესი კომპანიების აქციებს ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები