მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს China Huadian Corporation-ი, რომლის მენეჯმენტსაც ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

China Huadian Corporation

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკული კორპორაცია China Huadian Corporation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დაინტერესებულია ჩინეთს გარეთ განახორციელოს ინვესტიციები, შესაბამისად მის მენეჯმენტს ეკონომიკის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის გენერაციის მიმართულებით.

China Huadian Corporation-ი ჩინეთის რიგით მეხუთე უმსხვილესი სახელმწიფო ენერგოგენერაციის კომპანიაა. მისი მფლობელია ჩინეთის სახელმწიფო აქტივების მართვის კომპანია SASAC-ი და ის ჩინეთის ელექტროენერგიის წარმოების 10%-ზე არის პასუხისმგებელი. ესენია ძირითადად გაზსა და ნახშირზე მომუშავე თბოსადგურები, რომელთა შორისაც ყველაზე მსხვილი კემენის ქვანახშირის სადგურის სიმძლავრე არის 6.8 გიგავატ საათი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ჯგუფის შემოსავალი 16.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.6 მილიარდი დოლარით მეტი იყო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი 681 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის მთლიანი აქტივები კი 27.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეამ" გამოაქვეყნა ინფორმაცია აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიასთან მიმართებით წლების განმავლობაში არაერთი კითხვა არსებობს გარემოსდაცვითი, მმართველობითი და კორუფციული მიმართულებებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “სამოქალაქო იდეა” მიუთითებს, არის კომპანიის გაუარესებული საკრედიტო რეიტინგი.

“შემოთავაზებული China Huadian Corporation საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა. ბუნებრივია ისიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია. მის საკრედიტო რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Fitch-ი აფასებს2 , როგორც “ნეგატიურს“. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია არასტაბილური საკრედიტო გამოწვევების წინაშე დგას და შესაძლოა დავალიანების დაფარვის პრობლემების გამო დეფოლტი განიცადოს. მისი კოლაფსი კი, ცნობების მიხედვით , იქნება განსაკუთრებით დამანგრეველი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი დანარჩენი სამი მთავარი ენერგო-კორპორაციისთვისაც, ვინაიდან, სამივე მათგანი ერთსა და იმავე ბაზარზე ოპერირებს და ჰყავთ, ფაქტობრივად, იდენტური ინვესტორები.

World Benchmarking Alliance-ის შეფასებით, China Huadian Corporation ვერ აკმაყოფილებს გარემოსა და კლიმატის დაცვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. გარდა ამისა, კომპანიას, რომელიც ქვანახშირის მომპოვებელ მრეწველობაშია ჩართული, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი უშუალოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მხრიდან:~

2007 წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის სააგენტომ, “სერიოზული დარღვევების გამო” China Huadian Corporation 80-ზე მეტ სხვა კომპანიასთან ერთად, შავ სიაში შეიყვანა. სააგენტომ განაცხადა, რომ იგი არ დაამტკიცებდა ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ოთხი დიდი კომპანიის, მათ შორის China Huadian Corporation-ის ახალ პროექტებს მანამ, სანამ ეს კომპანიები მიმდინარე პროექტებს კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების ჩარჩოებში არ მოაქცევდნენ.

2011 წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ დააჯარიმა 8 ელექტროსადგური, რომელთანაგაც ზოგიერთი China Huadian Corporation-ის სახელს უკავშირდებოდა. სამინისტრომ ელექტროსადგურების დაჯარიმების მიზეზად დაასახელა გოგირდის დიოქსიდის ემისიის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევა.

კომპანიის საქმიანობა ადგილობრივთა უკმაყოფილებას იწვევდა ინდონეზიაში, სადაც 2021 წელს, ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ (Aksi Ekologi Dan Emansipasi Rakyat) წერილით მიმართა ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს, ჯაკარტაში ჩინეთის საელჩოსა და China Huadian Corporation-ს. კომპანია ინდონეზიაში ჩართული იყო ქვანახშირის ელექტროსადგურის, Sumsel 8-ის კონსტრუქციის პროცესში. ადგილობრივების უკმაყოფილებას განსაკუთრებით იწვევდა ის ფაქტი, რომ ელექტროსადგური შენდებოდა ქვანახშირის საბადოსთან ახლოს, სადაც, ასევე, ქვანახშირის მოპოვება მიმდინარეობდა. შესაბამისად, ელექტროსადგურის აშენებასთან ერთად გარემოზე ზიანი და დაბინძურება გაორმაგდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში, გაეროს 13-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჩინეთის მთავრობას მიმართა წერილით, რომელშიც ხაზგასმული იყო ტიბეტის კამტოკის ჰიდროელექტროსადგურის აშენების პროცესში გამოკვეთილი სოციალური გამოწვევები და გარემოსდაცვითი პრობლემები. საინტერესოა, რომ ექსპერტებმა მსგავსი ტიპის წერილით მიმართეს Huadian Jinsha River Upstream Hydropower Development C., Ltd-ს, რომელიც China Huadian Corporation-ის შვილობილი კომპანიაა. ხსენებული კომპანია ჩართულია ტიბეტში კაშხლის აშენების პროცესში.

პარადოქსია ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ამ ახალი თანამშრომლობის მარკეტირება მოხდა ისე, თითქოს, China Huadian Corporation ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა რეალობა ცხადყოფს, რომ მრავალი კანონდარღვევის შემთხვევის გარდა, ვერც მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ამართლებს თანამშრომლობის ტრაფარეტულ პირობებს.

ამ დარღვევების ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით. გადაწყვეტილებები კვლავ მიიღება კომპანიათა საერთაშორისო რეპუტაციის, საქმიანობისა და დარღვევების შემოწმების გარეშე, რაც აჩვენებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყვალობასა და საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას,”- ნათქვამია “სამოქალაქო იდეას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები