ქართული ოცნების მთავრობა აცხადებს, რომ მათ არაბთა გაერთიანებულის საამიროების ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგ EMAAR-თან საქართველოში "მრავალმილიარდიანი" პროექტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკება დაასრულეს.
თავის მხრივ, კომპანია EMAAR-ს ამ "მრავალმილიარდიანი პროექტის" შესახებ ჯერჯერობით არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. კომპანიას BMG-იმ ინვესტიციის თაობაზე დამატებითი კითხვებით მიმართა.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ UAE-ს პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ EMAAR-თან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმებას მიაღწია.
"ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
EMAAR-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერია, რომლის პროექტებს შორისაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯ ხალიფაც შედის. ჯგუფი UAE-სა და სპარსეთის ყურის რეგიონში მსხვილი მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.
ჯგუფის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მათმა შემოსავლებმა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვიდან და კომერციული უძრავი ქონების გაქირავებიდან 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, წმინდა მოგება კი 4 მილიარდი დოლარი იყო.
ჯგუფის აქტივები $38 მილიარდი, ვალდებულებები კი $14 მილიარდი დოლარია.
EMAAR ჯგუფთან მოლაპარაკებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, როდესაც 2023 წლის მარტში ის Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა. მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის 2023 წლის ივნისში შედგა. 2024 წლის თებერვალში კი კომპანიის დამფუძნებელთან შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თავად EMAAR-ის მიერ პროექტის შესახებ განმარტებების გაკეთებამდე უცნობია თუ რა პროექტის განხორციელებას განიხილავს კომპანია საქართველოში.