მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის კერძო სკოლებისთვის “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები

603e7a1073352
თათია ჩაფიჩაძე
02.03.21 23:00
1191
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ, კერძო სექტორი აფასებს.

სკოლა „ნიუტონის“ დამფუძნებლის გიორგი მელაძის შეფასებით, სახელმწიფოს ჩარევა არასწორია. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა სკოლის მხრიდან მობილობის შესახებ სამინისტროში წარსადგენი დოკუმენტაციის ერთდღიანი ვადაა, რომლის გასვლის შემდეგ სკოლას ავტორიზაცია უუქმდება. მელაძის შეფასებით, „არაკეთილსინიდისერი ბიუროკრატიის ხელში ეს შესაძლოა საკმაოდ მძლავრი იარაღი აღმოჩნდეს.“

„მე ბოლომდე არ მესმის ამხელა აჟიოტაჟი ამ ყველაფრის გარშემო. ერთ შემთხვევაში მშობელსა და მეორე მხრივ სკოლას ჰქონდათ ხელშეკრულება და მის ფარგლებში ერთი მეორეს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უწევდა სერვისს. ბუნებრივი ამბავია რომ თუკი ერთი მხარე ვეღარ ახერხებს თანხის გადახდას, სკოლა არ არის ვალდებული წლების განმავლობაში მათ უსასყიდლოს ეს სერვისი მიაწოდოს. პანდემიის პირობებში გვყავს არაერთი მშობელი, რომელიც ვერ ახერხებს დროულად გადახდას, თუმცა ის ბავშვები ჩვეულებრივად აგრძელებენ სწავლას და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მათზე მორგებული გადახდის პირობები შევთავაზოთ. 8 წლის განმავლოვაში რაც ჩვენი სკოლა არსებობს, არავისზე ჯარიმები არ გამოგივყენებია და არაფერი მსგავსი. თუ სადმე სხვაგან ხდებოდა, არ ვიცი. თუმცა ის, რომ სკოლას უნდა შეეძლოს ხელშეკრულების შეწყვეტა თუკი ფულს არ იხდის, ამაში ცუდი არაფერი არ არის.

ასევე ცხადია ბავშვს უნდა შეეძლოს სხვა სკოლაში გადასვლა და საბუთებს არავინ არ უნდა იკავებდეს, თუმცა ჩემი აზრით, ცოტა არალოგიკურია ერთდღიანი ვადა, იმიტომ რომ ერთი დღე ძალიან მცირე დროა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუნდაც ტექნიკური და ვერ მოახერხო გადაგზავნა, ამის გამო ავტორიზაციის გაუქმება არასწორია, ეს არაკეთილსინდისიერი ბიუროკრატიის ხელში საკმაოდ მძლავრი იარაღი შეიძლება იყოს. სხვა ამბავია საერთოდ სახელმწიფო რატომ უნდა არეგულირებდეს ამას და რატომ უნდა ეხებოდეს კერძო სკოლებს ავტორიზაცია რამის გამო, მაშინ როცა საჯარო სკოლების ავტორიზაცია არ დაწყებულა ამდენი წელია, არც გეგმავენ რომ დაიწყოს. კერძო სკოლებზე არის ბევრად უფრო მეტი მოთხოვნა ვიდრე საჯაროზე, მე ეს არ მესმის, იქ არ სწავლობენ ჩვენი შვილები? ფართოდ რომ შევხედოთ, ეს სახელმწიფოს საქმე რატომ არის, არ ვიცი, შეიძლება რამე პრობლემები იყო და უნდათ რომ დაიცვან მოქალაქეები, კი ბატონო სხვა ნაწილებშიც დაიცვან, სხვაგან უფრო მეტი საქმეა", - განაცხადა მელაძემ.

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც, კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ. ამდრომდე ქვეყანაში მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოსწავლის სტატუსის შეწყვეტას ფინანსური დავალიანების გამო, რაც როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პრობლემას უქმნის როგორც კერძო სკოლას, ასევე მოსწავლეს. გარდა ამისა, კანონით რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლის ვალდებულება დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს, მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კი კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები