სვანეთში მოქმედი სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელმა ბიზნესი გააფართოვა და განთავსების ობიექტთან ერთად მოგზაურებს ახლა უკვე ტურისტული კომპანია "ფალიანი ტურის" მომსახურებას სთავაზობს. კომპანია სვანეთში რამდენიმე თვეა რაც ოპერირებს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე გველესიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, "ფალიანი ტური" დღეს ადგილობრივებს მოგზაურობას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით უმარტივებს.
"მოგზაურობა მხოლოდ გართობა არაა, ის შესაძლებლობას გვაძლევს თვალსაწიერი გავიფართოვოთ, ცოდნა გავიღრმაოთ, ახალი შევიმეცნოთ, სხვა ქვეყნების კარგი თუ ცუდი გამოცდილება გავიაზროთ და ჩვენს რეალობაში სწორად გადმოვიტანოთ. დასავლურ ღირებულებებზე მხოლოდ თეორიული საუბრები არაა საკმარისი. რატომ არ უნდა ჰქონდეს სვანეთის ნებისმიერ მცხოვრებს შესაძლებლობა, რომ თავისი თვალით ნახოს და შეაფასოს მაგალითად შვეიცარიის ზამთრის კურორტების გამართული ინფრასტრუქტურა, გერმანიის ნარჩენების მართვის მოწესრიგებული სისტემა, დანიის წარმატება გარემოს დაცვის მიმართულებით?! სწორედ ასე გავიზრდებით და შევძლებთ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე", - მიიჩნევს ეკატერინე გველესიანმა.
„ფალიანი ტური“ სვანეთის მცხოვრებლებს როგორც ინდივიდუალურ, აგრეთვე ჯგუფურ ტურებს სთავაზობს. პირველი ტური საფრანგეთში უკვე შედგა და დეკემბერში კიდევ 2 ჯგუფური ტური იგეგმება, რაც შეეხება ფასებს, ეს დამოკიდებულია იმ ბიუჯეტზე რაც მომხმარებელს აქვს გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ეკომეგობრული სასტუმრო „ფალიანის“ მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, რომელიც უამრავი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ 2022 წელს გაიხსნა და დღეს წარმოადგენს არა მხოლოდ განსაკუთრებული დიზაინის სასტუმროს, არამედ შეკრებების, ახალი იდეების, სურვილების ინსპირაციისა და განხილვის ადგილს.