პროგრესი, რომელიც ქვეყანას „ქართული ოცნების“ 12-წლიანმა მმართველობამ მოუტანა - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგს. ირაკლი კობახიძემ მცხეთაში პარტიის რეგიონული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა.
„გასული 12 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით. 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად საქართველოში აღიკვეთა ადამიანების წამების, მკვლელობის, არაადამინური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი, ტარდება სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არ ჰყავს გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. მხოლოდ გასული სამი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში 2-ჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება, 3-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც, ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; 72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; ასობით მილიონიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები ყოველწლიურად, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა; 5-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, 3-ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა საქართველოში; განახევრდა უმუშევრობა და 700 000-მა ჩვენმა მოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა - ეს ის პროგრესია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა“, - განაცხადა კობახიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერის მიერ აღნიშნული ბოლო სამი წელიწადი ემთხვევა პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის დროს, როცა 2020 წელს პანდემიის გამო ეკონომიკის სხვადასხვა დარგები თითქმის გაჩერებული და 2021, 2022, 2023 წლებში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პერიოდი იყო.