მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას უწოდებს მთავრობა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რითიც ქვეყანამ EU-ს წევრობისთვის განაცხადი უნდა გააკეთოს?

5fe4af5985af2
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.20 19:27
911
პარლამენტში დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსმენდნენ. პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობასთან ერთად მთავრობის პროგრამაც უნდა დაამტკიცოს. “ქართული ოცნების” პროგრამის თანახმად, ქვეყანა 2024-ში EU-ს წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ამ მიზანს "სწრაფი ეკონომიკური ზრდით" უნდა მიაღწიოს, თუმცა ამ დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რას მიიჩნევს მთავრობა სწრაფ ზრდად. BMG-მ ეს კითხვა ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ არაერთი პროგნოზის თანახმად, საქართველო შეძლებს აღიდგინოს ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რომელიც მას კრიზისამდე ჰქონდა (4%-5% წლიურად). თუმცა, მინისტრი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა საკმარისი ეს ზრდა იმისთვის, რათა საქართველო 4-წლიან პერიოდში განვითარების დონით EU-ს ქვეყნებს იმდენად დაუახლოვდეს, რომ წევრობის ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.

“ალბათ თქვენ ხედავთ უმეტესი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როცა 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გვაქვს საუბარი, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მხოლოდ ჩინეთს აქვს რესურსი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული ტიპის ქვეყნებზე, მათ ზრდას თუ ნახავთ, დარწმუნებით, რომ ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რომელიც ჰქონდა საქართველოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რეგიონში უწევს ჩვენ ქვეყანას არსებობა,  ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე არაერთ სხვა საერთაშორისო შოკსაც შეგახსენებთ, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი არის ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის კარგი მაჩვენებელი. რაც შეეხება შემდეგ 4 წელს - ეს იქნება მთელი მსოფლიოსთვის რთული და პანდემია განსაზღვრავს მთელი მსოფლიოსთვის უმძიმეს კრიზისს და შეგახსენებთ, რომ "დიდი რეცესიის" შემდეგ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ასეთი ვარდნა ჯერ არ ყოფილა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, ძალიან ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო საკმაოდ სწრაფად შეძლებს აღადგინოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა.

“სწრაფი” არის ის, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი განვითარების დონე, მივუახლოვოთ ევროპული განვითარების დონეს,”- აცხადებს მინისტრი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, დღეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 4,405 დოლარია, რაც ბულგარეთთან შედარებით 123%-ით ნაკლებია. თუკი დავითვლით, დავინახავთ, რომ, 5%-იანი ზრდის შენარჩუნებით, საქართველო ბულგარეთის დღევანდელ დონეს 16 წლის შემდგომ დაეწევა. 6%-იანი ზრდით კი ეს 13 წელში მოხდება. შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში საშუალოდ 4-5%-იანი ზრდა არ არის საკმარისი, რათა საქართველო EU-ს უღარიბესი სახელმწიფოს განვითარების დონეს მცირედით მაინც მიუახლოვდეს.

 

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები