მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვვაჭრობთ თურქეთთან, რომელიც #2 სავაჭრო პარტნიორია?

საქართველო / თურქეთი

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ $2.6 მილიარდი შეადგინა, რაც $178.2 მილიონით, ანუ 7.2%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ თითქმის $3 მილიარდი შეადგინა, წელს, შესაძლოა, თურქეთთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, თურქეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 84% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, თურქეთიდან იმპორტმა $2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $416.8 მილიონის ტოლი იყო.

რას ვყიდულობთ თურქეთში?

თურქეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მედიკამენტები შემოდის, რაც თურქეთის ფარმაკოლოგიური ბაზრის გახსნას უკავშირდება — ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველომ $140.7 მილიონი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით შავი ლითონის კონსტრუქციები იკავებს, რაც საქართველოს $60.7 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $58.9 მილიონის იმპორტით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, ხოლო შავი ლითონის მილებზე ქვეყანამ $54.3 მილიონი დახარჯა. მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ თურქეთიდან ასევე ხორციელდება მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რაც ქვეყანას $49 მილიონი დაუჯდა.

რას ვყიდით თურქეთში?

თურქეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან თურქეთში ფეროშენადნობები გადის, რამაც ქვეყანას წელს $141.7 მილიონის შემოსავალი მოუტანა. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მეორე ადგილს ტანსაცმელი იკავებს, რომელიც საქართველოში, დიდწილად, სწორედ თურქული ინვესტიციით იკერება — ამ პროდუქტმა სექტორს $58.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა. თურქეთი დიდი რაოდენობით ქართულ ელექტროენერგიასაც ყიდულობს, რაზედაც წელს $40.2 მილიონი დახარჯა. მამაკაცის კოსტიუმების იმპორტი თურქეთს წელს $27.3 მილიონი დაუჯდა, როცა ალუმინის ნარჩენებში მეზობელმა ქვეყანამ $12.7 მილიონი გადაიხადა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.

საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები