მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გამოიყენებს Trendyol-ი Alibaba-სგან მოზიდულ $2 მილიარდს? - კომპანიის პასუხი

ტრენდიოლი

რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის უდიდესმა ონლაინვაჭრობის პლატფორმამ, Trendyol-მა ჩინური Alibaba-სგან ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც, როგორც მაშინ გახდა ცნობილი, კომპანიის გაფართოებას და საერთაშორისო განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამ თემაზე BMG-სთან Trendyol-ის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელმა, ომარ კულაკლიკაიამ ისაუბრა, რომლის თქმით, ჩინურ გიგანტთან თანამშრომლობა Trendyol-ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

"Alibaba ერთ-ერთია ჩვენს ინვესტორებს შორის და ეს ინვესტიცია დიდი და მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ის ჩინეთიდანაა. თუმცა სხვა ინვესტორებიც გვყავს, მათ შორის იაპონიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან. Alibaba-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ორ კომპანიას შორის ნოუჰაუს გაზიარების საშუალება გვაქვს. თურქეთი სტრატეგიულად მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში და ამ რეგიონს ევროპასთან აკავშირებს - ეს ერთი დადებითი მხარეა. მეორე პლუსი კი ისაა, რომ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდული წარმოება გვაქვს, ანუ თურქეთში ტანსაცმლისა და მოდის პროდუქტების წარმოება უფრო იაფი ხდება. Alibaba და ჩვენი ინვესტორები ჩვენში დიდ რეგიონულ საექსპორტო პოტენციალს ხედავენ და ვგეგმავთ ვიქცეთ, როგორც დიდ რეგიონულ, ასევე გლობალურ მოთამაშედ - ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმად მსოფლიოში", - განაცხადა ომარ კულაკლიკაიამ.

Trendyol-ის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელს, საქართველოზეც ვესაუბრეთ, მით უფრო რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოტანილი ამანათების თითქმის 30% სწორედ თურქეთზე მოდის, სადაც წამყვანი მოთამაშე, სწორედ Trendyol-ია. ომარ კულაკლიკაია არ გამორიცხავს, რომ Trendyol-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, რისთვისაც კომპანია მოსახლეობას და საქართველოში არსებულ დინამიკას აკვირდება.

"საქართველოს მოსახლეობა ძალიან ახალგაზრდაა, ხოლო მობილური მოწყობილობების პენეტრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია - ყველა სმარტფონს იყენებს. ეს ინდიკატორები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გაფართოებაზე ვფიქრობთ და საქართველოში დიდ პოტენციალს ვხედავთ და იმედი მაქვს, ახლო მომავალში საქართველოს შევუერთდებით", - აღნიშნავს ომარ კულაკლიკაია BMG-სთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რა მოდელით ოპერირებას განიხილავს საქართველოში Trendyol-ი - უშუალოდ ოფისის გახსნით თუ საფოსტო სერვისის დანერგვით, თურქული ონლაინგიგანტის კომერციული გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ Trendyol-ს ქვეყნის ბაზარზე შემოსვლის რამდენიმე მოდელი აქვს.

"შეიძლება არსებულ კომპანიებთან ვითანამშრომლოთ ან ოპერაციები გავაფართოოთ და ეს მიმართულება ჩვენით ვმართოთ, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს შუამავალ კომპანიებზე. ვცდილობთ, მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ, ანუ თუ ის ნივთს ყიდულობს და პრობლემას აწყდება, საშუალება უნდა ჰქონდეს Trendyol-ის გუნდს დაუკავშირდეს, რადგან ასე დაცულები იქნება. ამიტომაცაა, შუამავალ კომპანიებს რომ ვესაუბრებით და ვარკვევთ, როგორია ბაზარზე არსებული მოთხოვნა", - განაცხადა ომარ კულაკლიკაიამ BMG-სთან საუბრისას.

თურქული ონლაინგიგანტის აღმასრულებელმა BMG-სთან Trendyol-ზე ქართული პროდუქციის გაყიდვის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ სურს ამ მიმართულებით ურთიერთობა გაღრმავდეს.

"ჩვენი ფილოსოფია ასეთია: გვსურს, ვაჭრობა ორმხრივი ურთიერთობა იყოს. ქვეყანაში რომ შევდივართ, გვსურს ადგილობრივმა მწარმოებლებმა პროდუქტი თურქეთში ექსპორტზე გაიტანონ და ის თურქეთშივე გაყიდონ და იქიდან სხვა ქვეყნებში გაიტანონ. საქართველოში, ამ კუთხით, ადგილობრივ მწარმოებლებს დავუკავშირდებით", - ამბობს Trendyol-ის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელი, ომარ კულაკლიკაია BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები