ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Meta-მ და Google-ის კუთვნილმა YouTube-მა გულგრილობა გამოიჩინეს და მომხმარებლები მათი პლატფორმების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ არ გააფრთხილეს.
სასამართლო პროცესი, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო, 20 წლის ქალის, კეილი გ.მ.-ის სარჩელს ეფუძნებოდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ბავშვობაში Instagram-სა და YouTube-ზე დამოკიდებულებამ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და როგორც დეპრესია, ისე სხეულის დისმორფია განაპირობა. სასამართლომ კომპანიებს კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. აქედან თანხის 70%-ის გადახდა Meta-ს დაევალა, ხოლო 30%-ის - YouTube-ს. ამასთან, კომპანიებმა დამატებით $3 მილიონის ოდენობის საჯარიმო სანქციებიც მიიღეს.
სასამართლო განხილვისას მოწმის სახით ჩვენება თავად მარკ ცუკერბერგმა და Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმაც მისცეს. მოსერიმ ტერმინი „დამოკიდებულება“ უარყო და მას „პრობლემური მოხმარება“ უწოდა, ხოლო YouTube-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათი პლატფორმა მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დროის მაქსიმიზაციისთვის არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ აპლიკაციების დიზაინის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ავტომატური დაკვრა (auto-play) და სარეკომენდაციო ალგორითმები, მომხმარებლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და მის დამოკიდებულებას იწვევდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ტექნოლოგიური გიგანტი ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავს.
ცნობისთვის, Meta-ს წინააღმდეგ მსგავსი ვერდიქტი ნიუ-მექსიკოს შტატშიც გამოიტანეს, სადაც კომპანიას $375 მილიონის გადახდა არასრულწლოვანთა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაეკისრა. აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად 20 წლის ქალი TikTok-სა და Snap-საც ედავებოდა, თუმცა მათ აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელესთან მორიგება სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულზე კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში კიდევ ერთი მასშტაბური ფედერალური სასამართლო პროცესი იგეგმება, რომელშიც მოსამართლემ სკოლების ადმინისტრაციებისა და მშობლების სარჩელი უნდა განიხილოს. ისინი ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებენ.




























