ბოლო პერიოდში, საქართველოს საზღვრიდან ტურისტული ნაკადების გაბრუნების ფაქტები სულ უფრო ხშირდება. ამ პრობლემაზე სოციალურ ქსელებში ტურისტული სექტორის არაერთი წარმომადგენელი წერს. მათი განცხადებით, მესაზღვრეები ტურისტებს საზღვრიდან ისე აბრუნებენ, რომ მათ მიზეზსაც არ განუმარტავენ.
BM.GE თემის დეტალებით დაინტერესდა და ტურისტული კომპანია “ჰოთ თრეველ გრუპის” დამფუძნებელ თამარ ჩხიკვაძეს მიმართა, რომელიც ყოფილი მესაზღვრეა.
როგორც ჩხიკვაძე ამბობს, ტურისტების გაბრუნების შემთხვევები, განსაკუთრებით ინდოეთის მოქალაქეებისა და გალფის ქვეყნების რეზიდენტებს შორისაა გახშირებული. თუმცა, ის დასძენს, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის და მისი მესაზღვრეობის პერიოდშიც მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო, რაც ძირითადად უკანონო მიგრაციის რისკებს და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდას უკავშირდებოდა.
„სასაზღვრო პუნქტები მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად, და ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით მიიღება. მაგალითად, გალფის ქვეყნების რეზიდენტების შემთხვევაში, ხშირად მათი ჩამოსვლის მიზეზი რეზიდენტის სტატუსის ვადის ამოწურვაა, რაც გაძლიერებულ საზღვრის კონტროლს მოითხოვს.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოში დასაქმებული ინდოეთის მოქალაქეების რაოდენობაში, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს, რადგან ვიზიტორებისა და შრომითი მიგრანტების გამიჯვნა ყოველთვის მარტივი არ არის. ხშირად ვხვდებით ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიტანის სერვისებში ან ტაქსის მძღოლებად მუშაობენ. ხშირად მათ სამუშაო ვიზები არ აქვთ და მათი სტატუსი შესაძლოა შრომით მიგრანტად განიხილებოდეს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მკაფიო დიფერენცირება ტურისტებსა და შრომით მიგრანტებს შორის. ამ დროს შესაძლოა გაუგებრობაში აღმოჩნდნენ მათთან ერთად ჩამომსვლელი რეალური ტურისტი და მოხდეს მთლიანი ჯგუფის გაბრუნება“, - ამბობს ჩხიკვაძე.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრის დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებდეს საზღვრის კვეთის რეგულაციების მოთხოვნებს. ამას გულისხმობს არა მხოლოდ ვიზის სისწორე, არამედ სხვა აუცილებელი დოკუმენტებიც, როგორიცაა ორმხრივი ავიაბილეთი, გადახდილი სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და საკმარისი სახარჯი თანხა. ასევე, მგზავრის ინტერვიუში მიღებული ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს მის ხელთ არსებულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია საქართველოს მთავრობამ დეკლარირებულად ტურისტული სეგმენტის გეოგრაფია შეიცვალა და აზიის ბაზარი დააპრიორიტეტა. აღნიშნულზე ჩხიკვაძე ამბობს, რომ საქართველო არა ტურისტების რაოდენობაზე, არამედ მხარჯველუნარიან ტურისტებზე უნდა იყოს ორიენტირებული. რაც შემდგომში ტურიზმის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ორიენტირდეს არა მხოლოდ ტურისტების დიდ რაოდენობაზე, არამედ ისეთ ვიზიტორებზეც, ვინც თავისი დანახარჯებით და ქცევითაც დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. კარგი იქნება, თუ ტურისტული კომპანიები წინასწარ გადაამოწმებენ ვიზების ნამდვილობას, როგორც ტურისტების, ასევე სტუდენტების შემთხვევაში. ამის გაკეთება ხელს შეუწყობს იმ შემთხვევების თავიდან აცილებას, როდესაც ვიზების გაყალბების ფაქტები შეიძლება გახდეს პრობლემური. ასეთი პრევენცია არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მთლიანად ტურისტულ სფეროს დაიცავს გაუგებრობების და უსიამოვნო სიტუაციებისგან. ჩვენი კომპანიაც არ არის ვალდებული. მხოლოდ ტურის გაყიდვა არ არის პრიორიტეტი, გაყიდულ ტურზე ყოველთვის ვამოწმებთ ინფორმაციას“, - განაცხადა თამარ ჩხიკვაძემ.
ინფორმაციისთვის, BMG-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია საზღვრიდან გაბრუნებულთა შესახებ, თუმცა, მათ მხოლოდ იმის შესახებ მოგვაწოდეს მონაცემები, თუ რამდენი ადამიანია ქვეყნიდან დეპორტირებული.