ელექტრობატარეას, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს და საჭირო დროს, მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც ავტომობილის ელექტრული მოტორი საზრდოობს. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს. თუმცა ენერგიის სისუფთავესთან ერთად, ელექტრობატარეას ერთი დიდი პრობლემაც აქვს - სპონტანური აალება, რომლის დროსაც ცეცხლის ისეთი ალი წარმოიქმნება, რომლის ჩაქრობა ძალიან რთულია და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს.
ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს. თერმული გადახურება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ზედმეტი დამუხტვის, ბატარეის შიგნით არსებული დისბალანსითა და ბატარეის ფიზიკური დაზიანებით.
ეს უკანასკნელი, რეალურად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი ავტომობილები, ხშირად, ფეთქდება და მანამ იწვის, სანამ ავტომობილი ბოლომდე არ ჩაიწვება. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრობატარეა - ქიმიური ნაერთია, სითხე, რომელსაც ბატარეაში ვხვდებით, მისი დაზიანების შემთხვევაში გარეთ გამოედინება, რაც მოკლე ჩართვას იწვევს.
ამ ყველაფერთან ერთად, ალმოდებული ელექტრობატარეის ჩაქრობა საქმაოდ რთულია, რადგან წვის პროცესში ბატარეები დიდი მოცულობით ენერგიას და ადვილად აალებად აირებს გამოყოფენ, რაც ცეცხლს კვებავს. ამასთან, ელექტრობატარეები ხშირად ავტომობილის ქვეშ მდებარეობს, რის გამოც მეხანძრეებს მასთან მისვლა უჭირთ.
კი, ინდუსტრიის ზრდასთან ერთად ტექნოლოგიაც ვითარდება, რომელიც ბატარეების მეტ დაცულობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს, მაგრამ აალების პრობლემა მაინც აქტუალურია. ამ ტექნოლოგიური დეფექტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ცნობილ ტელეწამყვანს და Top Gear-ისა და Grand Tour-ის ავტორს, რიჩარდ ჰამონდს უკავშირდება, რომელიც Rimac-ის ბრენდის ელექტრომობილით ავარიაში მოჰყვა. თავად ჰამონდი გადარჩა, მაგრამ, ავტომობილი, როგორც ამბობენ, რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა.
საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით ქართული ტექნოლოგიური კომპანია, Elven Technologies-ი მუშაობს, რომელსაც ქართული საზოგადოება, უმეტესწილად, მეხანძრეებისა და კასკადიორებისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე კოსტიუმებით იცნობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე TECH INFORM-ში ამბობს, Elven Technologies-ის ახალი პროდუქტი, რომელიც ლითიუმის ბატარეების შეფუთვას გულისხმობს, კომპოზიტი მატერიისგან არის შექმნილი და შესაბამისად, ბატარეის აალებისას გაჩენილ ცეცხლთან გამკლავება შეუძლია.