მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვს საპროტესტო აქციებს ბევრი მოქალაქის მხარდაჭერა? - ინტერვიუ თენგო კირთაძესთან

თენგო კირთაძე

პარტია „ფედერალისტების“ წევრის თენგო კირთაძის აზრით, საქართველოში #წერტილში უნდა დაესვას პროფესიონალიზმს ყველა სფეროში და განსაკუთრებით - პოლიტიკაში.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო, მათ შორის საპროტესტო აქციები, რომელსაც ჯერჯერობით ბევრი მოქალაქის მხარდაჭერა არ აქვს.

"ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რატომ არ აქვს საპროტესტო მეტი მოქალაქის მხარდაჭერა. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია... ვფიქრობ, არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის ერთ ნაწილში გამოიწვია ფრუსტრაცია, ნაწილი დეპრესიულია, ნაწილი იმედგაცრუებულია, ნაწილს სხვა მოლოდინი ჰქონდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კი, შეიძლება ამ შედეგების მიმღებლობაც გაჩნდა“, - ამბობს თენგო კირთაძე.

პარტია „ფედერალისტების“ წევრს მიაჩნია, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური სპექტრი საკუთარ ამომრჩეველს არ იცნობს და სინამდვილეში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა მმართველი პარტიის წინააღმდეგ და არა ოპოზიციის სასარგებლოდ.

- ოპოზიციური პარტიები მუშაობენ იმავენაირად, როგორც მუშაობდნენ ადრე. პოლიტიკა არაა მარტივი საქმე. შინაარსი უნდა გქონდეს, პოლიტიკის დოკუმენტები უნდა შექმნა, პოლიტიკის დოკუმენტი რადგან აბსტრაქტულია, უნდა შეძლო გასაგებ ენაზე მისი დაწერა და უნდა ეძებო შენი სამიზნე აუდიტორია, რომელსაც დააინტერესებ. მოკლედ, როგორც ბიზნესშია - ბიზნესს ხომ არავინ იწყებს ასე - „მოდი, რაღაცას გავყიდი“. ბაზრის კვლევა უნდა ჩაატარო. უნდა იცოდე, შენ პროდუქციას ვინ იყიდის, რა აუდიტორიაზე აკეთებ გათვლას, როგორი კონკურენტული გარემოა და ა.შ არაფერს არ აკეთებს [ოპოზიცია]

- თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია არ იცნობს თავის აუდიტორიას?

- მე არ ვიცი, იცნობენ თუ არა, რადგან ამ თემაზე ვერც ვსაუბრობთ მათთან. ერთადერთი, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ისე არ იქცევიან, როგორც უნდა იქცეოდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოპოზიციის ძირითადი სპექტრის სტრატეგია იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი „მოცურდა“ რუსულ კანონთან დაკავშირებით... ჩვენც დავინახეთ, რომ 200 000 ადამიანი იყო გამოსული. ოპოზიციაშიც იფიქრეს, ამ ტრენდზე ვიქნებით და გავაგრძელებთ პოლიტიკის ძველებურად კეთებას და თუ იქნება ოთხი ალტერნატივა, მოქალაქეები, ვისაც არსებული რეჟიმი არ უნდა [ჩვენ მოგვცემს ხმასო], მაგრამ ახლა დაინახეს, რომ თურმე ეს ასე არ არის. 750 ათასი ხმა, რომელიც ოპოზიციამ მიიღო, მათი რეალური მხარდამჭერები რომ იყვნენ, დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა - ეს პარტიები რომ დაიძახებდნენ, გამოდითო, იქ 1500 და 2000 ადამიანი კი არ იქნებოდა, არამედ მინიმუმ - 20 000. ოპოზიცია ამაზე არ ფიქრობს. არჩევნებზე წასული ადამიანების ძირითადი მოტივატორი იყო, „ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა და არა - ვიღაცის სასარგებლოდ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მინიმუმ გაგვეხსნება ევროკავშირისკენ გზა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვიკეტა - ჩემი აზრით, ეს იყო ადამიანების მთავარი მოტივაცია.

- როგორ უნდა იმუშაოს ოპოზიციამ მოქალაქეებთან, რა მოიტანს ცვლილებებს?

- როცა სისტემურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკურმა სპექტრმა ეს უნდა აჩვენოს და მაშინ დაუჯერებს მათ ადამიანი და არა მხოლოდ იმით, რომ ოთხი ოპოზიციური ლიდერი ერთად დადგეს და რაღაც განცხადება გააკეთოს. ცვლილებებს მოიტანს სწორი მუშაობა. სწორი მუშაობა რთული გზაა, მაგრამ შედეგს მოიტანს. საბურთალოდან რუსთაველამდე [თქვენთან] მოსასვლელად, რადგან შეიძლება საცობი იყოს, მცხეთის მიმართულებით რომ წავსულიყავი, ვინაიდან იქ საცობი არ იყო, ოდესმე მოვიდოდი თქვენთან?!... ანუ არასწორი მიმართულებით თუ მიდის პოლიტიკური სპექტრი, ის ვერც ცვლილებებს მოიტანს და ვერც შედეგს და მოქალაქეებში კიდევ უფრო მეტ ფრუსტრაციას გამოიწვევს. შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, რაც არასდროს ხდება. [ოპოზიციამ] დაიწყოს თავის შინაარსზე დაფიქრება - რატომ ვარ პოლიტიკაში, მე რას ვთავაზობ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ძალაუფლებაში მინდა მოსვლა?! გაიგონ ვინ არიან მათი ამომრჩევლები, ვინ არის მათი მიზნობრივი ჯგუფი, რა საჭიროებები აქვთ და რა უჭირთ ამ ადამიანებს, რა გზებით შეუძლიათ მათთან კომუნიკაცია... როგორ შეიძლება, არ ვიცნობდე საკუთარ ამომრჩეველს?! როგორ შემიძლია მისი გააქტიურება?! ამ კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში კი, არ მომიწევს სოციალურ ქსელში პოსტების დაწერა და მოქალაქეების დამუნათება - „სად ხართ ხალხნო?“, „რატომ არ გამოდიხართ ქუჩაში?“... მეცოდინება რაზე რეაგირებს ჩემი ამომრჩეველი.

- ანუ დღეს ოპოზიცია არ იცნობს საკუთარ ამომრჩეველს?

- რომ იცნობდეს და კომუნიკაცია ჰქონდეს, მაშინ ვისზე ბრაზდება?! იცნობს ამომრჩეველს, იცის, რატომ არ გამოდის და მაინც ბრაზდება?!

#წერტილთან ინტერვიუში "ფედერალისტების" წევრმა ვრცლად ისაუბრა, მოქალაქეების გააქტიურების და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის მიმართულებით პარტიის ხედვებსა და სამოქმედო გეგმაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები