მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუსიფიკაციას - გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუსიფიკაციას. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კოალიციური და დასავლური მთავრობით ჩანაცვლება.

„თუ 26 ოქტომბერს გამარჯვება ვერ შევძელით, შეიძლება, საქართველოში ძალიან სწრაფად 90-იანები... იმ ადამიანებსაც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ისტორია არის რუსეთისგან გაქცევის ისტორია. ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს გაექცა კარგად ცხოვრობს, ხოლო ვინც რუსეთთან დარჩა - ძალიან ცუდად და იმ ქვეყნებიდან ხალხი გარბის, რადგან რუსეთის გუბერნიებად არიან ქცეული“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რაშიც მისი თქმით, ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას წვლილი არ შეუტანია.

„საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებას არ გაუკეთებია არაფერი იმისთვის, რომ ან მსხვილი დასავლური ინვესტიცია მოეზიდა ან ფული შემოსულიყო ქვეყანაში. რატომ გვინდა დასავლური ინვესტიცია? - მას მოჰყვება დასავლური შრომის კულტურა, დასავლური შრომის უსაფრთხოება, დასავლური ანაზღაურება, დასავლური პენსიები... ბოლო 5 წლის განმავლობაში, მთავრობამ ჯერ მილიარდობით ვალი აიღო covid-პანდემიის დროს და სამი წელი არაფერი უკეთებიათ და რაც და როგორც აკეთეს, ვნახეთ - 8 000 კაცით მეტი გარდაიცვალა covid-ით, ვიდრე უნდა გარდაცვლილიყო პანდემიის მართვის საშუალო მაჩვენებელზე რომ გავსულიყავით“, - აცხადებს ის.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ქადაგიძემ მსხვილი ბიზნესმენებიც გააკრიტიკა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

- ბიზნეს კონფერენციას რომ აწყობ თემაზე - როგორ უნდა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ქვეყანაში და არ ახსენებენ „რუსულ კანონს“, არც სანქციებს, არც აშშ-ის და ევროკავშირის განცხადებებს ევროპული გზიდან გადახვევის გამო და ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა თურმე მუშახელის ნაკლებობა ყოფილა, ეს ხომ სიგიჟეა?! ერთხელ მაინც ვიღაცამ ხომ უნდა დასვას კითხვა პრემიერთან და მთავრობის წევრებთან - რატომ დატოვა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველო?! რატომ გახდა თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძვირესი ქალაქი?! რატომ შემცირდა მოსახლეობის უმეტესობისთვის განკარგვადი შემოსავლები?! რატომ არის, რომ თუ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ადამიანების უმრავლესობა უარესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა თუნდაც 5 წლის წინ?! ეს არის რეალური კითხვები და არა უბრალოდ ბიზნესის და მთავრობის შეხვედრა და ერთმანეთისთვის ლამაზი სიტყვების თქმა... მერწმუნეთ, არაერთხელ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრებზე და ჩემი თავისთვის პირობა მაქვს მიცემული, რომ არასდროს ვივლი.

- იქნებ ბიზნესი ფიქრობს, რომ როცა ხელისუფლებას არც ევროკავშირის და აშშ-ის ხმა არ ესმის, საუბარს აზრი არ აქვს და მთავარია, არჩევნებზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია...

- მათ აქვთ სრული უფლება ჰქონდეთ ის პოზიცია, რაც აქვთ, მაგრამ ყველაფერს უნდა ერქვას თავისი სახელი, რომ ეს არის რუსული პოზიცია. ეს არის საქართველოს რუსიფიკაციაზე გამდიდრების შესაძლებლობა. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ არ ვიყოთ თაობა, რომელიც დამოუკიდებლობას დაკარგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები