"ჭკვიანი ბეჭდების" ქართული ბრენდი, CNICK-ი ადგილობრივ ბაზარზე დიდ პოტენციალს ხედავს, თუმცა ჯერჯერობით რეალიზაციას ვერ იწყებს.
საქართველოში წარმოებული “ჭკვიანი ბეჭდები”, რომლებსაც უკონტაქტო გადახდის ფუნქცია აქვს, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ამ ეტაპზე, კომპანიისთვის სტრატეგიული აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის ბაზრებია.
BMG დაინტერესდა, როგორია კომპანიის გეგმები ადგილობრივ ბაზარზე. CNICK-ის დამფუძნებელი, კობა ცერცვაძე განმარტავს, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა არის, თუმცა ბანკები ინტერესს არ იჩენენ. მისი თქმით, ბანკებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
“საქართველოში გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და რაც მთავარია, ქართველ მომხმარებელს აქვს დიდი სურვილი რომ იყოს ბეჭედი ხელმისაწვდომი მათთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილობრივი ბანკები არ იჩენენ ინტერესს, რომ ჩვენთან დაინტეგრირდნენ. თუ ბანკებთან მოხდება თანამშრომლობა, ჩვენს არეალს უკვე საქართველოც დაემატება”,- აღნიშნა კობა ცერცვაძემ.
CNICK-ის დამფუძნებლის თქმით, წლის ბოლომდე, საქართველოში დამზადებული “ჭკვიანი ბეჭდები” უკვე ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზეც გაიყიდება.
CNICK-ი გლობალურ ბაზარზე 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს. მის სახელს უკავშირდება Tesla Key Ring-ის შექმნა, რომელიც Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქციას ასრულებს, ასევე Payment Ring, რომელიც ბეჭდით უკონტაქტო გადახდის საშუალებას იძლევა და მზადდება ვერცხლის, ოქროს, კერამიკისა და ბუნებრივი ხის მასალებისაგან.