"ჭკვიანი ბეჭდების" ქართულმა ბრენდმა, CNICK-მა ოქროს და ვერცხლის ბეჭდის ახალი ვერსია გამოუშვა. ფართოვდება სარეალიზაციო ბაზრებიც. როგორც CNICK-ის დამფუძნებელი, კობა ცერცვაძე BMG-სთან აცხადებს, წლის ბოლომდე, საქართველოში დამზადებული “ჭკვიანი ბეჭდები” უკვე ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზეც გაიყიდება.
CNICK-ი გლობალურ ბაზარზე 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს და მისი პროდუქტები 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. CNICK-ის სახელს უკავშირდება Tesla Key Ring-ის შექმნა, რომელიც Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქციას ასრულებს, ასევე Payment Ring-ი, რომელიც ბეჭდით უკონტაქტო გადახდის საშუალებას იძლევა და მზადდება ვერცხლის, ოქროს, კერამიკისა და ბუნებრივი ხის მასალებისაგან.
CNICK-ის საქმიანობასთან და გეგმებთან დაკავშირებით BMG-ს კითხვებს მისმა დამფუძნებელმა, კობა ცერცვაძემ უპასუხა.
როგორი იყო კომპანიისთვის 2024 წლის პირველი ნახევარი?
ამ პერიოდში ჩვენი პრიორიტეტი იყო პროდუქტის განვითარება. გამოვუშვით ოქროს და ვერცხლის ბეჭდის ახალი ვერსია, რაც ბევრად დახვეწილია წინა ვერსიასთან შედარებით. ასევე, ვმუშაობთ ახალ აპლიკაციაზე რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი.
თებერვალში გაიხსნა ბერლინში CNICK-ის პირველი მაღაზია. როგორია შედეგები და ხომ არ გეგმავთ ფიზიკური მაღაზიების გახსნას?
წლის დასაწყისში შევედით გერმანიის ბაზარზე და გავხსენით ბერლინში მაღაზია-შოურუმი, რომელსაც ძირითადად შოურუმის დატვირთვა ჰქონდა და იყო ბაზარზე შესვლის მარკეტინგული კამპანიის ნაწილი. ჩვენ გაყიდვები გვაქვს ონლაინ და არ განვიხილავთ ფიზიკური მაღაზიების გახსნას.
რომელი ბაზრებია სტრატეგიული და რომელი მასალის ბეჭდებია მეტად მოთხოვნადი?
ამ ეტაპზე, ჩვენთვის სტრატეგიულია აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის ბაზრები. საკმაოდ დიდია მოთხოვნა პროდუქტზე და მის ცნობადობის ზრდასთან ერთად, იზრდება გაყიდვებიც. გაყიდვების მხრივ ლიდერია აშშ და გერმანია. ყველაზე გაყიდვადი კი არის კერამიკის და ვერცხლის ბეჭედი.
რომელ ახალ ბაზრებზე შესვლაზე მუშაობთ ამჟამად?
გასულ თვეში დასრულდა ტექნიკური ინტეგრაცია ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკებთან და შესაბამისად, ეს ორი ბაზარი დაგვემატა. ვემზადებით აღნიშნულ ბაზრებზე შესასვლელად წლის ბოლომდე. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი უკვე ტექნიკურად ფუნქციურია.
რამდენად აქტიურია გაყიდვები Amazon-ზე და იგეგმება თუ არა სხვა მსგავს პლატფორმებთან თანამშრომლობა?
Amazon-ზე გაყიდვები საკმაოდ დიდია და ზრდის პოტენციალი აქვს სამომავლოდ. Amazon-ის გარდა, არ ვგეგმავთ სხვა ონლაინ პლატფორმაზე გაყიდვებს.
რა გეგმები გაქვთ ქართულ ბაზართან დაკავშირებით, რამდენად ხედავთ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების პოტენციალს?
საქართველოში გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და რაც მთავარია, ქართველ მომხმარებელს აქვს დიდი სურვილი, რომ იყოს ბეჭედი ხელმისაწვდომი მათთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილობრივი ბანკები არ იჩენენ ინტერესს, რომ ჩვენთან დაინტეგრირდნენ. თუ ბანკებთან მოხდება თანამშრომლობა, ჩვენ არეალს უკვე საქართველოც დაემატება.
სამომავლოდ რას გეგმავს CNICK-ი?
როგორც ვახსენე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვინდა შესვლა წლის ბოლომდე და ამის გარდა, პროდუქტის განვითარება გრძელდება და მალე გვექნება ახალი აპლიკაცია.