ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი BMGTV-ზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხსა და ამ პროცესში ქართული ბიზნესსექტორის როლს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად ბიზნესსაზოგადოების ჩართვა კარგი გზავნილი იქნებოდა, თუმცა საქართველოში მხოლოდ მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის ხმა ისმის.
“მე აქტიურად ვიღებ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვინაიდან მაინტერესებს ეს ქვეყანა მრავალი პოლიტიკური მიზეზის გამო, მათ შორის - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. რატომ ხდება, რომ მე არ მესმის ბიზნესი ხმა გარკვევით? მე ვიღებ დიდ ინფორმაციას და განცხადებებს მთავრობისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისგან, რომლებიც არიან ძალიან აქტიურები და პროევროპულები, მაგრამ მე არ ვიღებ ინფორმაციას ბიზნესსექტორის ჩართულობის შესახებ. ცხადია, კერძო სექტორი პირდაპირ არ არის ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს კარგი გზავნილი ევროკავშირისთვის და საზოგადოებრივი აზრისთვის, რომ ბიზნესსაზოგადოება არის ჩართული ევროპასთან დაახლოების პროცესში”, - აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობა მკაფიო გზავნილებით უნდა გამოიხატოს, რადგან ევროკავშირი ქართული კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტაბილური პარტნიორია.
“ვფიქრობ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ქვეყნისთვის და, ასევე, ბიზნესსაზოგადოებისთვის საუკეთესოა გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ცხრა პირობის, თუ 12 პირობის დაუყოვნებლივ შესრულება. ყველა შემთხვევაში - საჭიროა გაწევრიანების პროცესის დაწყება, რადგან ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესსაზოგადოებისთვის.
მე ზუსტად ვიცი, რომ არის სხვა ბაზრები, რომლებიც ძალიან საინტერესოა კერძო სექტორისთვის, მაგალითად, ძირითადად თურქეთი და რუსეთი, მაგრამ ევროკავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ კლუბში გაწევრიანებას. რასაც მოველი, ეს გახლავთ ბიზნესსაზოგადოების მხრიდან უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, ის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ სწორია. თუმცა, მე რასაც ვხედავ, არის ერთგვარი სიჩუმე ან ფრთხილი პოზიცია”, - აღნიშნავს ამორი.
ევროპარლამენტარი ასევე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ბიზნესისთვის მარტივი პროცესი არ არის - ახალი რეგულაციები, რომელთა შემოღებაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, კერძო სექტორისთვის გამოწვევა შეიძლება იყოს, თუმცა ამ გამოწვევის გადალახვა კომპანიების ზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
“მე პირადად მახსოვს ესპანეთის ევროკავშირში შესვლის პროცესი. ეს ძვირად ღირებული პროცესია. ეს არ არის მარტივი და იგი დიდ მოთმინებასა და მონდომებას მოითხოვს. აღნიშნული მოიცავს ბიზნესსექტორსაც. ახალი რეგულაციები საქართველოში ბიზნესგარემოს აუცილებლად შეანჯღრევს. მთავრობას მოუწევს კანონმდებლობის შეცვლა, ახალი რეგულაციების შემოღება ეკონომიკაში, ვაჭრობასა და გარემოში და ეს ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება. მათ მოუწევთ საკუთარი კომფორტის ზონის დატოვება, რათა გახდნენ ევროკავშირის და ამ უზარმაზარი თავისუფალი ბაზრის ნაწილი.
საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შესანიშნავი იქნება ქართული კომპანიებისთვის, კარგი იქნება როგორც ქვეყნის, ისე კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. ისინი შედიან უზარმაზარ ბაზარზე და ამიტომ, მათ უნდა გამოიჩინონ მოთმინება, უნდა იყვნენ თანმიმდევრულები, უნდა გააცნობიერონ, რომ ახალ რეალობასთან მორგების ამ ფაზას გარკვეული ფასი აქვს. თუმცა, საბოლოოდ, ამ ფასის გაღების გამო, ევროპული კერძო სექტორიდან არავის დაუჩივლია”, - აღნიშნავს ნაჩო სანჩეს ამორი.
ევროინტეგრაციის პროცესში ბიზნესის როლზე ევროპარლამენტარმა BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკის - #საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე - ფარგლებში ისაუბრა, რომელიც შვედეთისა და USAID-ის მიერაა დაფინანსებული.