მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ ჩვენი ელჩები ხელისუფლებას რჩევებით მიმართავენ, ეს არ ნიშნავს თქვენი სუვერენიტეტის ხელყოფას” - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტი

თუ ჩვენი ელჩები - ევროკავშირის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - ხელისუფლებას რჩევებით მიმართავენ, ეს არ ნიშნავს თქვენი სუვერენიტეტის ხელყოფას და შიდა საქმეებში ჩარევას - საკითხზე, რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი BMG-ს ეთერში საუბრობს.

მისი განმარტებით, რადგან საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მან შესაბამისი პირობებიც უნდა შეასრულოს და საჭირო სამუშაო გასწიოს, რადგან, სხვა შემთხვევაში, ის ევროინტეგრაციის პროცესს ემიჯნება.

ევროპარლამენტარი ასევე განმარტავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის რჩევების გაზიარება ელჩებისა და სხვა დიპლომატების ვალდებულებაა და ეს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას არ ნიშნავს.

“მთავრობის მხრიდან მომდინარე ნიშნებია, რაც ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია. მთავარი ისაა, რომ თუ თქვენ მოითხოვეთ იყოთ კანდიდატი ქვეყანა, მაშინ უნდა შეასრულოთ შესაბამისი პირობები. თუ ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს ან გამოვთქვამთ მოსაზრებებს, თუ ჩვენი ელჩები ხელისუფლებას რჩევებით მიმართავენ, ეს არ ნიშნავს თქვენი სუვერენიტეტის ხელყოფას და შიდა საქმეებში ჩარევას. ამით მხოლოდ იმას გეუბნებით, რომ თუ ნამდვილად გსურთ ევროკავშირთან დაახლოება, შესაბამისი სამუშაო უნდა გასწიოთ. და თუ სხვაგვარად იქცევით, თქვენ ემიჯნებით ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს!

ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება და ხალხი. მაგალითად, ეს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან გვაწუხებს LGBT საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასა და ელჩებს შორის დიალოგი წარმოჩნდება როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ჩვენ არანაირი ფორმით არ ვერევით. თქვენ სუვერენული ქვეყანა ხართ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებთ. მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რჩევების მოცემა და გაფრთხილება, რომ თუ ამ გზას განაგრძობთ, ევროკავშირს ვერ დაუახლოვდებით, არამედ გაემიჯნებით მას. ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამას ვაკეთებთ პირდაპირ და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემით”, - აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროევროპული მისწრაფება ევროკავშირისთვის ნათელია, თუმცა ხელისუფლების ქმედებები კითხვებს ბადებს. ამორის აზრით, მთავრობის პოლიტიკური განცხადებები და ქმედებები, ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.

“სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად არის ჩართული ამ პროცესში და მათი ხედვა, ძირითადად, პროევროპულია. ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან კარგად ინარჩუნებენ პროევროპულ დღის წესრიგს. ეჭვებს უფრო მეტად ხელისუფლების ქმედებები იწვევს. კეთდება უამრავი საჯარო განცხადება გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობაზე, თუმცა ეს განცხადებები მათ ქმედებებთან თანხვედრაში აშკარად არ მოდის.

ერთი მხრივ, მთავრობის მიერ საჯაროდ პროევროპულ განცხადებებსა და პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შორის განსხვავება და „უცხოური გავლენის აგენტების კანონის“ ხელახლა ინიცირება გვარწმუნებს, რომ შესაბამისი ზომებია მისაღები. განცხადებებს უნდა მოსდევდეს კონკრეტული ქმედებები და არა პირიქით, რადგან ჩვენ არ ვაფასებთ კანდიდატ ქვეყნებს მხოლოდ განცხადებების მიხედვით, არამედ - ფაქტებზე დაყრდნობით! ფაქტები კი ახლა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ვხედავთ სტიმულის, ძალისხმევისა და ბიძგების ნაკლებობას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებდით ამ რამდენიმე წლის წინ”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს პროგრესს ნაჩო სანჩეს ამორი BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკის - #საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე - ფარგლებში განიხილავს. რუბრიკის მხარდამჭერი კი შვედეთის მთავრობა და USAID-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები