მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა ველოდოთ ჩინეთიდან ტურისტების დიდ ნაკადს საქართველოში? - მოსაზრება

ჩინეთი

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით აფციაური ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გამო, ჩინელი ტურისტების დიდ ნაკადს არ ელოდება. 

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ეს პროგნოზი დიპლომატმა covid-პანდემიის შემდეგ ჩინეთის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციით ახსნა. 

"უნდა ველოდოთ თუ არ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას უვიზო რეჟიმის შემოღების ეფექტით? - ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, საჭიროა, ძალიან მოკლე ანალიზი, რა ტენდენციებია ჩინეთის ტურიზმის ინდუსტრიაში ახლა; რაც იყო პანდემიამდე, ეს წარსულში დარჩა, ჩვენ ვართ პოსტპანდემიურ პერიოდში, რომელიც თავისებურია და ადამიანები მოგზაურობას განსხვავებულად გეგმავენ - ითვალისწინებენ ფინანსურ მდგომარეობას და ა.შ.

მეორე ფაქტორია ის, რომ პანდემიის მიზეზით იზოლირებულ ვითარებაში ყოფნისას, ჩინეთში პრიორიტეტი მიენიჭა შიდა ტურიზმის განვითარებას და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი პროგრესით იზრდება შიდა ტურიზმის მაჩვენებლები; პანდემიის შემდეგ ნელ-ნელა „იღვიძებენ“ მოგზაურები, მაგრამ უპირატესობას უფრო მეტად ანიჭებენ ოჯახების, ნათესავების მონახულების მიზნით ქვეყნის შიგნით მოგზაურობას.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: China Southern Airlines-მა, რომელიც ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის მიმართულებით დაფრინავს, პრაქტიკულად, შეცვალა თავისი სტრატეგია და პრიორიტეტს ანიჭებს არა საერთაშორისო რეისებს, არამედ - შიდა რეისებს და მოგებაც გაეზარდა; ამდენად, პრაქტიკულად, ახლა ისეთი ეტაპია, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, ჩინეთიდან ტურისტების სწრაფ, მასიურ ნაკადს საქართველოში“, - განაცხადა დავით აფციაურმა.

კულინარიული ტურიზმი და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ის მიმართულებებია, რომელიც ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის აზრით, ჩინელ ვიზიტორებს დააინტერესებს.

„მთლიანობაში, ვფიქრობ, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთება, მაგრამ ამისთვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად. ბევრი პრობლემაა - მაგალითად, საკმარისი ჩინურენოვანი გიდები;  კომუნიკაცია კი, უნდა დაიწყოს ენით... ამდენად, ჩვენი მზაობა შესაბამისი უნდა იყოს“, - დასძინა დიპლომატმა.

რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს ჩინეთიდან?

2017 წელი - 18,179 ვიზიტორი;
2018 წელი - 31,855 ვიზიტორი;
2019 წელი - 48,071 ვიზიტორი;
2020 წელი - 4,363 ვიზიტორი;
2021 წელი - 3,468 ვიზიტორი;
2022 წელი - 7,380 ვიზიტორი;
2023 წელი (6 თვე) - 12,619 ვიზიტორი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ჩინეთის მოქალაქეს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა შეუძლია ყოველ ჯერზე 30 დღის განმავლობაში; თუკი ის 30 დღის ამოწურვის შემდეგ გავა ქვეყნიდან და ისევ შემოვა, 30 დღის ათვლა თავიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები