გასულ წელს შემოსავლების სამსახურს ბიზნესი ₾1 მლრდ-მდე გადასახადზე ედავებოდა - დავების საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია 2 613 საქმეზე.
საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე არაერთი წელია საუბრობენ როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექსპერტები. ერთ-ერთი ბოლო შეფასებით, გამოიკვეთა, რომ დავების საბჭოს გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები საგადასახადო დავების განხილვის დროულობის თვალსაზრისით.
"კრესტონ ჯორჯიას" მმართველო პარტნიორი დავით პაპიაშვილი BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პროცესებს უმეტესწილად აჭიანურებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიღებული ბუნდოვან გადაწყვეტილებები. მისი თქმით, აუცილებელია, საკითხები, რომლებიც ბიზნესის მხრიდან ყველაზე ხშირად საჩივრდება, გაანალიზდეს და გაირკვეს ზუსტი მიზეზი თუ რატომ იქმნება ამ კონკრეტულ შემთხვევებში პრობლემები.
"ვადებთან მიმართებით პრობლემის სათავე არის გადაწყვეტილებები, რისი გასაჩივრებაც ხდება. საბოლოო ჯამში თუ დაიხვეწება კანონმდებლობა რა საკითხებთან მიმართებითაც გვაქვს ბევრი საჩივარი, იმის გაანალიზება თუ მოხდება და თუ საჩივრების რაოდენობის შემცირებაზე დაიწყება მუშაობა, ამით შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზეც დრო და შესაბამისად, საბჭოს დროც დაიზოგება”, - აცხადებს “კრესტონ ჯორჯიას” პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
იგივე პოზიციას აფიქსირებს ჩვენთან საუბარში BDO-ს პარტნიორი და საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ენუქიძე. მისი თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამა თუ იმ რეგულაციის შესახებ, რომ მისი დაცვა შეძლოს. ენუქიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება კონკრეტული საკითხების დაზუსტება და ბიზნესი სრულად ინფორმირებული იქნება, საჩივარიც ნაკლები დაიწერება.
“2022 წლის ანგარიშში არ არის მოხვედრილი საკითხები, რაზეც ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა დამატებითი სახელმძღვანელოები გამოსცა: ეს ეხებოდა სამშენებლო ამხანაგობებს, ასევე მიწის და შენობა-ნაგებობების მიწოდების თემას. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკითხთან მიმართებით ბიზნესი მზად არის და შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ამა თუ იმ საკითხის გაშლაზე, ჩამოყალიბებაზე თუ რეგულაციის მიღებაზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადამხდელისთვის, რათა მათ დაიცვან ის წესები და მოთხოვნები, რაც აქვს ჩვენს კანონმდებლობას”, - ამბობს BDO-ს პარტნიორი და საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ენუქიძე.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2022 წლის ანგარიშის მიხედვით საკითხები, რომლებსაც დავების ძირითადი ნაწილი მოდიოდა ასე გამოიყურება:
- საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება;
- საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები;
- სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის, გადასახადით დაბეგვრა;
- ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა;
- შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება;
- უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების გამოვლენის შედეგად განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
- სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება;
- საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრა;
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები; 11. სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხის აღნიშნული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად მიჩნევა;
- არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.