ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონპროექტი რუსული ტიპის კანონს განეკუთვნება. ის განმარტავს, რაც გულისხმობს ამერიკაში და რუსეთში მოქმედი კანონმდებლობა და რომელ ქვეყნებში ხელმძღვანელობენ თითოეული მათგანით.
კახა გოგოლაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ კანონპროექტის ქართული ვერსია, რომელიც რუსულის ანალოგია, საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის პროფილს და რეესტრში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას აფორმებს. მისივე განმარტებით, რუსული კანონის მიზანი სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაცია და კრიტიკული აზრის დასუსტებაა.
„ძალიან მარტივად და მოკლედ: უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონები ტიპოლოგიურად ორ ჯგუფად იყოფა. ამერიკული FARA და რუსული Закон об иностранных агентах (ЗИА). მთავარი განსხვავება: FARA უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებს ნებისმიერ ორგანიზაციას, თუ ის რეალურად არის ინტერესის აგენტი და მუშაობს უცხო ძალის ინტერესების განსახორციელებლად. ЗИА აღიარებს უცხო ძალის აგენტად ყველას, ვინც მცირედი ნაწილითაც კი იყენებს უცხოურ დაფინანსებას. FARA-ს შემთხვევაში "აგენტების" რეესტრში ხვდება მართლა უცხო ძალის ინტერესების აგენტი, ხოლო ЗИА-ს შემთხვევაში რეგისტრაციას ექვემდებარება უმეტესწილად ორგანიზაციები, რომლებსაც არავითარი ვალდებულება არანაირ უცხო ძალასთან არ გააჩნიათ.
ქართული კანონი განეკუთვნება ЗИА-ს (ანუ რუსული) ტიპის კანონს, და ამ ტიპის კანონთა შორის ყველაზე მომცველია, რადგან საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის პროფილს და ამიტომ რეესტრში აფორმებს პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ЗИА -ს ტიპის კანონები მიღებულია რუსეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, რესპუბლიკა სერბსკაში, უნგრეთში (გაუქმებულია სასამართლოს მიერ), სლოვაკეთში (ინიციირებული). FARA-ს ჯგუფის კანონები სხვა და სხვა მოდიფიკაციით მიღებულია აშშ, დიდი ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ისრაელში. ინიცირებულია საფრანგეთსა და ევროკავშირში.
FARA- ს მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ЗИА-ს მიზანია სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაცია და კრიტიკული აზრის დასუსტება. FARA-ს შედეგი - მეტი უსაფრთხოება, ЗИА-ს შედეგი რუსეთიდან განდევნილი, გაუქმებული ან განადგურებული ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია საშუალება, სამოქალაქო აქტივისტი, ინტელექტუალი“, - წერს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.