მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არის სურსათის ფასები უფრო მაღალი საქართველოში, ვიდრე გერმანიაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - მოსაზრება

მირანდა მანჯგალაძე

სურსათის ფასებთან დაკავშირებით “ოცნების” მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო. ფასების მოკვლევის მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, მთავრობას სურს ფასწარმოქმნის ჯაჭვის გამოკვლევა. კომისიის პირველი შეხვედრა სამი დღის წინ გამართა, კომისია უკვე შეხვდა ქსელური სუპერმარკეტების ხელმძღვანელებს, დღეს დისტრიბუტორებს ხვდებიან, მომდევნო კვირაში კი იგეგმება შეხვედრა მწარმოებლებთანაც. პარალელურად, სუს-ი და საგამოძიებო სამსახური კომპანიებში შევიდა და დოკუმენტაციის ამოღება დაიწყო.

„ოცნების“ მთავრობის განცხადებით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულ ფასებთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. კობახიძის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მარკეტების რაოდენობა გაორმაგდა. მისი თქმით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 45-ს, ხოლო ავსტრიაში 62-ს შეადგენს, რაც საბოლოოდ ფასებზე ნეგატიურად აისახება და დამატებით ტვირთად აწვება მოსახლეობას. ამასთან, კობახიძის განცხადებით, პროდუქციაზე 86%-იანი ფასნამატიდან 44% მოდის დისტრიბუციაზე, 28% - ქსელურ მარკეტებზე.

რატომ არის სურსათის ფასები უფრო მაღალი საქართველოში, ვიდრე გერმანიასა და ავსტრიაში? - რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ ამ საკითხზე bm.ge-სთან ვრცელი განმარტება გააკეთა:

“პრემიერმა გააკეთა სამი განცხადება. პირველი, რომ საქართველოში ფასები უფრო მაღალია და ორჯერ იაფია გერმანიასა და ავსტრიაშიო - ეს რეალურად სწორია, ანუ ამას ფაქტების დონეზე უკვე კარგა ხანია ვამბობთ. მეორე - თქვა, რომ 86%-იანი ფასნამატიაო. მესამე ნაწილია, რომ მაღაზიების სიმრავლეს უსვამს ხაზს.

პირველს ვეთანხმები, იმიტომ რომ ნამდვილად ორჯერ ძვირი გვაქვს; მეორე - ვფიქრობდი, რომ პროცესს მიეცემოდა ინფორმაციის გამოთხოვის და ექსპერტიზის ხასიათი. მოლოდინი შემექმნა, რომ ექსპერტიზა ჩატარდებოდა, რომელიც ვერიფიკაციას დაადგენდა - მართლა 86%-იანია ფასნამატი? და მესამე საკითხზე - ის, რომ მაღაზიების რაოდენობა იზრდება და პროდუქტის ფასი მაღალი გვაქვს, აქ ცოტა პარადოქსთან გვაქვს საქმე.

ზოგადად, ბიზნესი მუდმივად ორიენტირებულია ხარჯების შემცირებაზე. თუ სადმე ბიზნესს ოპტიმიზაცია შეუძლია, ის ყოველთვის შეამცირებს ხარჯს, რათა მოგება უფრო მეტი ჰქონდეს და ეს ბუნებრივი და ჯანსაღია, ანუ ბიზნესი არსებობს სარგებლისთვის. შესაბამისად, ნაკლებად მჯერა იმის, რომ მაინცდამაინც ხარჯების შემცირებით ჩვენ ფასების შემცირება დაგვეტყობა. თუმცაღა, კონკურენცია არის ყველაზე კარგი ფასების შესამცირებლად.

რაც შეეხება მაღაზიების მაღალ რაოდენობას, თითქოს ეს უნდა ნიშნავდეს მაღალ კონკურენტულ გარემოს, იმიტომ რომ უფრო მეტი მაღაზია გვაქვს, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი უფრო მოგებიან სიტუაციაშია, რადგანაც კონკურენცია აიძულებს ბიზნესს ფასების შემცირებას. თუმცა, ძალიან მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: პირობითად, ერთი ლიტრი რძე, რომელსაც საქართველოს ერთი საშუალო მაღაზია ყიდის მაგალითად, 300 ცალს, ხოლო გერმანიის ერთი მაღაზია ყიდის 35,000 ცალს. მე რომ 300 ცალს ვყიდი, მომწოდებელი ჩემი გაყიდული რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ ცალ რძეს მომაწვდის 1 ლარად და 80 თეთრად. ხოლო გერმანიაში იგივე რძეს, მასშტაბიდან გამომდინარე, მიაწვდიან 1 ლარად და 20 თეთრად. ძალიან ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ. გერმანიის მაღაზიაში ბრუნვა მაღალია, ერთეულის ხარჯი დაბალია, შედეგად, აქვთ დაბალი თვითღირებულება და შესაბამისად, დაბალი ფასები. ვიცით, რომ არსებობს "Average unit cost" - ეს არის საშუალო ხარჯი. რაც უფრო მაღალია ბრუნვა, ფიქსირებული ხარჯები უფრო გადანაწილებულია, რაც ერთეულის ხარჯს ამცირებს. მეორე ხარჯი მოდის ლოგისტიკაზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ბრუნვა, ლოგისტიკის ხარჯი, მაგალითად, საქართველოში თუ აქვს 40 თეთრი ერთ ერთეულზე, გერმანიაში აქვს 15 თეთრი. კიდევ ერთი ხარჯია ოპერაციული ხარჯი, ეს არის იჯარა და ხელფასი. ისევ ბრუნვიდან გამომდინარე ერთეულ ხარჯზე დაფარვის - საქართველოს თუ აქვს პირობითად 40 თეთრი, გერმანიაში აქვთ 5 თეთრი.

ეს ყველაფერი მოქმედებს საბოლოო ჯამში თვითღირებულებაზე და თუ ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში, ერთი სუპერმარკეტი 1 ლარსა და 40 თეთრად ყიდის პროდუქტს, საქართველოში ეს ადის 2 ლარსა და 50 თეთრზე. ეკონომიკის მასშტაბურობა მართლა ასეთ დიდ ზეგავლენას ახდენს ხოლმე საბოლოოდ თვითღირებულებაზე. ბაზარი იქ სხვანაირად მოქმედებს, თან იქ ადგილობრივი წარმოებაა, სადისტრიბუციო ხარჯი ნაკლები”.

მირანდა მანჯგალაძე ფასების შემცირების გზებზეც საუბრობს და აცხადებს, სახელმწიფოს შეუძლია ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:

“ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ფასების შემცირებაში არის ის, რომ მოკლევადიანად, პირობითად, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ დღგ 18% ყველა პროდუქტზე კი არ იყოს ფიქსირებული, არამედ საარსებო და ჯანმრთელობისთვის სასურველი პროდუქტების კალათაზე იყოს მაგალითად 5%-იანი დღგ. და ის შემოსავალი დაკომპენსირდეს ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე სასარგებლო რაღაცებზე გადასახადით, როგორიც არის ალკოჰოლი, თამბაქო, თუ სხვა შესაბამისი პროდუქტი. მთავრობას ხომ სჭირდება ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი შეივსება აქედან. ამიტომ დიფერენცირება დღგ-ს ნაწილში, რაც პოლონეთმა გააკეთა, ვფიქრობ, რომ ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილებაა.

მეორე, რაც სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს: როდესაც ბაზრის სისტემების ანალიზს ვაკეთებთ, კატალიზატორის როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ეს რას ნიშნავს? ბიზნეს აქტორები უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან, სამუშაო ჯგუფი უნდა შედგეს არა ფრაგმენტულად - დღეს რითეილთან, ხვალ დისტრიბუციასთან - არამედ ერთიანად უნდა იყოს წარმოდგენილი და უნდა დავსვათ კითხვა: რა იწვევს მაღალ ფასებს? 21 იანვრის დაბარება ჩემთვის არაეფექტური იყო, რადგან ცალმხრივი კომუნიკაცია იყო. მე რომ დამეგეგმა, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა წარმომადგენელს დავიბარებდი, მათ შორის ადგილობრივ წარმოებასაც. სამუშაო ჯგუფის დაანონსება უფრო ეფექტური იქნებოდა, რომელსაც დრო დასჭირდებოდა მიზეზების დასადგენად. შემდეგ კი საჭიროა 1-3 წლიანი გეგმა მდგრადი ფასებისთვის. მოკლევადიანად ასეთი ჩართულობა და ფასების შემცირება ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რაც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

ასევე, სახელმწიფოს რაც შეუძლია დღეს და რაც ჩვენ გვიჭირს, არის რეგიონალური ჰაბები, სასაწყობე მეურნეობა, რაც რაოდენობის გაზრდას ან უფრო იოლ დისტრიბუციას შესაძლებელს გახდის. ანუ ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც სახელმწიფოს როლად ვხედავ, დიდ თუ პატარა ბიზნესს - ყველას დაეხმარება. იქნება ეს სასაწყობე გზა, ლოგისტიკა და ა.შ..

არცერთ ვარიანტში, არ ვხედავ სახელმწიფოს როლს ფასების რეგულაციაში. ამის კონკრეტული მაგალითია უნგრეთი (2022-2023 წლები), სადაც კონკურენტულ პროდუქტებზე დააწესეს ფასის რეგულაცია და ამან რა გამოიწვია? პირობითად, რომ უთხრეს - კვერცხი არ უნდა გაყიდო 10 თეთრზე ძვირად - რა მოხდა? კვერცხის დეფიციტი დაიწყო, ვინაიდან აღარ უღირდა ბიზნესს კვერცხის გაყიდვა. მეორე - შემცირდა ხარისხი, იმიტომ რომ ბიზნესმა იაფიანი კვერცხის გაყიდვა დაიწყო, რათა მოგება ენახა. და მესამე - წამოვიდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, ანუ გაჩნდა შავი ბაზარი.

ამგვარად, ფასების დარეგულირებით და ხელოვნური ჩარევით უფრო უარეს შედეგს მივიღებთ - დეფიციტს, ჩრდილოვან ეკონომიკას ან ხარისხის გაუარესებას. ანუ მომხმარებელი აქაც არ იქნება მოგებული”.

მირანდა მანჯგალაძე ფასების ნაწილში ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

“რაც შეეხება ბიზნესს - რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა? ბიზნესსაც ხომ თავისი პასუხისმგებლობა აქვს. მე, როცა რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი ვიყავი, ვცდილობდი, რომ ასოციაციაში გაგვეკეთებინა ხარჯების ისეთი კონსოლიდაცია, რაც კონკურენტულ უპირატესობას არ მატებდა კომპანიებს. რას ვგულისხმობ? საოპერაციო ხარჯი ხომ აქვს მაღაზიას, მაგალითად სალაროს ფირფიტა (ქაღალდი). ვცდილობდი კონსოლიდირება გამეკეთებინა ყველას მოთხოვნისთვის და გამომეცხადებინა ტენდერი, რომლის საშუალებითაც ერთეულის ფასი თითოეულ ქსელს შეუმცირდებოდა. კოვიდის დროს მსგავსი კონსოლიდირებული შესყიდვა გავაკეთეთ თერმომეტრებზე და ერთეულის ფასი მკვეთრად შემიმცირდა, რითაც ეკონომია ნახა თითოეულმა წევრმა. თუ ეფექტიანობას ვერ მივაღწევთ, ფასების შემცირება წარმოუდგენელია”, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

მთავრობა მიმართავს ყველა ზომას იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები