მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აზარალებს Covid-კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ჰოსპიტლებს? – "5 დღე არაა საკმარისი გადასაწყობად"

625bebbd15691
ლიკა გურაბანიძე
23.04.22 17:00
1090
“საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის” წარმომადგენლის ნინა კიკნაძის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადაყვანა ჰოსპიტლებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს. ახალი წესები 1 მარტიდან შევიდა ძალაში.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სექტორთან შეუთანხმებლად და თან მოკლე დროში მიიღო.

უკვე თვენახევარია კლინიკებს ანაზღაურება ერიცხებათ პაციენტების რაოდენობის მიხედვით და გარანტირებული დაფინანსების რეჟიმი აღარ მოქმედებს, მანამდე კი საავადმყოფოები თანხას იმის მიუხედავად იღებდნენ, დაკავებული იყო თუ არა საწოლი და მკურნალობდნენ თუ არა კოვიდ–პაციენტები.

სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჰიბრიდული და კოვიდ-კლინიკების მუშაობის ძველ რეჟიმში დაბრუნება გონივრულ ვადებს მოითხოვდა.

“2 წლის წინ პანდემიის დაწყებასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებმა ჰოსპიტლების სრულ რესტრუქტურიზაციას ალღო სწრაფად აუღეს, რათა კოვიდპაციენტებს მომსახურებოდნენ. მათ მოვალეობა შეასრულეს და მოსახლეობას პირნათლად დაუდგნენ გვერდში, რამაც ძალიან ბევრი ფინანსური და ადამიანური რესურსი მოითხოვა, თუმცა ახლა სექტორი სირთულეების წინაშე დადგა, როცა covid-კლინიკების დაფინანსების მოდელი შეიცვალა.

მსგავსი გადაწყვეტილებების შეუთანხმებლად, მოკლე დროში მიღება ჰოსპიტლებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს: მაგალითად, ექიმებმა, ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში პოზიციები დატოვეს, იმიტომ, რომ მათ კოვიდ-კლინიკებში მუშაობა არ სურდათ და სხვაგან გადავიდნენ. შედეგად, სამედიცინო კადრების გადინება მოხდა. ასევე, ჰოსპიტლები ტექნიკურად გადაეწყო, რადგან მათ სხვა სისტემით მუშაობა მოუწიათ. ასევე სხვადასხვა აპარატურა იყიდეს, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულებამ დიდი ფინანსები გაიღეს. ახლა რთულია, სექტორის წარმომადგენლებს უთხრა, პანდემია ბოლოში გადის და კოვიდსამედიცინო დაწესებულებების არსებობა საჭირო აღარაა, შედეგად 5 დღეში კოვიდკლინიკა ვეღარ იქნები და ორი წლის განმავლობაში არსებულ დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებო. ამ დროს თავს უამრავი პრობლემა იჩენს.

მაგალითად ის, რომ პერსონალს ერთი წლის წინანდელი ხელფასი უნდა გადაუხადო და ვერ დააკლებ, რადგან კადრის მიღების დროს კონკრეტული შეთანხმება დაიდო. ასევე, ამა თუ იმ ჰოსპიტლის მენეჯმენტის მიერ სამედიცინო პერსონალის თავიდან მოძიება უნდა მოხდეს. შედეგად, სამედიცინო დაწესებულებები ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ. 5 დღე არაა საკმარისი, რომ ჰოსპიტლები გადაეწყონ და 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდნენ, ამისთვის გარკვეული დროის მიცემაა საჭირო,” - აღნიშნა ნინა კიკნაძემ.

ჯანდაცვის ასოციაცია 120-მდე კლინიკას აერთიანებს მასში სტაციონალური და ამბულატორიული კლინიკები შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები